ბლოგები

სწავლა ზრდასრულ ასაკში, მუშაობა და შვილების მოვლა – “შეუძლებელი არაფერია” 

ავტორი: ელისო პავლიაშვილი, 31 წლის

ვარ ორი შვილის დედა. მყავს ცამეტი და თერთმეტი წლის გოგონები.ოჯახი ჩვიდმეტი წლის ასაკში შევქმენი, მალევე შემეძინა პირველი შვილი, შემდეგ მეორე.

ადრეულ ასაკში, ოჯახის შექმნის და პატარა შვილების გამო, ვერ შევძელი თავის დროზე სწავლა და რაიმე პროფესიის შეძენა. ასევე, მიწევდა მუშაობა ოჯახის კეთილდღეობისთვის. ბევრგან მიმუშავია: მქონდა კომპიუტერული მომსახურების ოფისი, ვიყავი გაყიდვების სფეროშიც.

როდესაც შვილები მოიზარდნენ, გადავწყვიტე უნივერსიტეტში ჩამებარებინა და ავირჩიე ჩემი საყვარელი პროფესია. 30 წლის ასაკში ჩავაბარე გამოცდები და ჩავირიცხე გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში, პრიორიტეტული დაფინანსებით, დაწყებითი განათლების ფაკულტეტზე. ფრიადზე დავხურე პირველი კურსი და სტიპენდიატიც გავხდი.

ვაპირებ ამ პროფესიით გავაგრძელო კარიერა და ვაკეთო ჩემი საყვარელი საქმე. ვარ პასუხისმგებლიანი და აქედან გამომდინარე, მიწევს სწავლასთან ერთად მუშაობაც.

ამ ყველაფერში მეხმარება და მხარში მიდგას დედა, სწორედ დედის დამსახურებაა, თავს რომ ვართმევ და ვასწრებ ამ ყველაფერს.

მე ვფიქრობ, რომ ჩემი გადაწყვეტილება, ჩამებარებინა უმაღლეს სასწავლებელში და მქონოდა პროფესია, ჩემი შვილებისთვის მისაბაძი მაგალითია.

ქალებს, რომლებმაც ვერ ან არ შეიძინეს ამ დრომდე პროფესია, ვურჩევდი, რომ სცადონ, სწავლა არასდროს არ არის დაგვიანებული.

ძალიან მნიშვნელოვანია, ქალისთვის განათლების მიღება, რათა ეს გვეხმარება ვიყოთ დამოუკიდებლები და საზოგადოებაში ვიპოვოთ ჩვენი ადგილი. რეალიზებულ დედას კი გაცილებით მარტივად გამოსდის შვილების აღზრდა და განვითარებაზე ზრუნვა. 

ქალებო, თუ მოინდომებთ, ყველაფერი გამოგივათ.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.