ახალი ამბები

გორელი მოქალაქე მოხუცებს ავტომობილით უფასო გადაადგილებას სთავაზობს

გორელი მოქალაქე ბესო შოსიაშვილი ხანდაზმულებს საკუთარი ავტომობილით უფასო გადაადგილებას სთავაზობს.

ბესო დაახლობით 10 წელია ტაქსის მძღოლია. ამბობს, რომ წლების განმავლობაში ბევრი შემთხვევა ჰქონია, როდესაც მოხუცებისთვის ფული არ გამოურთმევია. ამბობს, რომ ამ კამპანიის წამოწყება და დახმარება მისთვის საპასუხისმგებლო და სასიხარულოა.

“მეცოდებიან ასაკიანი ხალხი და მინდა, როგორც ჩემს ბებოს და პაპას, ისე მოვემსახურო მათაც. ზოგს ფული არ აქვს, ზოგს შვილი არ ჰყავს, მარტოხელაა. ამ ყველაფერზე რომ ვფიქრობ, სხვა რა შემიძლია, თუ არა ამ მცირედით დახმარება. მე თვითონ მრავალშვილიანი ოჯახი მყავს, მაგრამ ის საწვავი არაფერია იმის სანაცვლოდ, როგორც ეს მოხუცები ილოცებიან და ხარობენ. მე მზად ვარ თუნდაც ეს მცირედი პრობლემა მოვუგვარო და თუ სხვებიც გაიმეორებენ, ვფიქრობ კარგი კამპანია გამოვა”, – აღნიშნავს ბესო.

ბესო შოსიაშვილმა ინფორმაცია სოციალურ ქსელში გაავრცელა და საკონტაქტო ნომერი მიუთითა. ამბობს რომ მსურველებს შეუძლიათ დაურეკონ ნომერზე: 595.706.726, ის კი მიაკითხავს და სასურველ მისამართზე უფასოდ მიიყვანს.

“იდეა დღეს დილით გამიჩნდა, გაჩერებისკენ მიმავალი ქალი შევნიშნე, რომელსაც ავტობუსმა გაასწრო. იმ დროს მეც მგზავრები მისხდნენ მანქანაში და ვერ გავაჩერე. როგორც კი დავტოვე მაშინვე მივბრუნდი, მაგრამ იქ აღარ იყო. ამის შემდეგ სოციალურ ქსელში დავწერე ტექსტი, რომ ხანდაზმულებს მანქანით უფასოდ მოვემსახურები, თან ჩემი საკონტაქტო ნომერიც მივუთითე”, – ამბობს ბესო.

დატოვეთ კომენტარი