სტატიები

უკონკურენტო და შეუცვლელი – ვინ მოემსახურება გორის საბავშვო ბაღებს ტრანსპორტით

პირმა, რომელმაც ორი წლის წინ გორის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს დავების საბჭოში უჩივლა, სააგენტოს ტენდერში გაიმარჯვა. მას სკოლამდელი აღზრდის სააგენტო სატრანსპორტო მომსახურებაში 139 875 ლარს გადაუხდის. 

აღსანიშნავია, რომ ოთარ ცარიელაშვილი გასულ წლებში სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ტენდერებში უკონკურენტოდ იმარჯვებდა, თუმცა 2021 წელს მან სააგენტოს დავების საბჭოში უჩივლა, რადგან თვლიდა რომ მას დისკვალიფიკაცია უსამართლოდ მიანიჭეს. აღნიშნული საჩივარი დავების საბჭომ დააკმაყოფილა. 

“სატენდერო კომისიის 2021 წლის 08 აპრილის N4 სხდომის ოქმის საფუძველზე მომეცა დისკვალიფიკაცია, იმ მოტივით, რომ განმეორებით არ წარვადგინეთ ელექტრონულ სისტემაში უკვე ატვირთული დოკუმენტები, რომელთა გაუქმებაც არ მომხდარა ჩვენ მიერ და მათი ნახვა-გაცნობა დღესაც შესაძლებელია. მოვითხოვ გაუქმდეს სატენდერო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება” , – აღნიშნავდა ის საჩივარში. 

დაკმაყოფილებული დავის შემდეგ, სააგენტომ ოთარ ცარიელაშვილს ხელშეკრულებები გაუფორმა 2022 წელსაც. მისთვის გადახდილი თანხის ოდენობამ ერთ წელში 390 271 ლარი შეადგინა. 

სატრანსპორტო მომსახურებისთვის ტენდერი გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტომ მიმდინარე წლის ივლისშიც გამოაცხადა. ოთარ ცარიელაშვილი აღნიშნული ტენდერის ერთადერთი მონაწილეა.

სახელმწიფო შესყიდვების ვებგვერდის მიხედვით, ამ დროისთვის ხელშეკრულების მომზადების პროცედურები მიმდინარეობს. ტენდერი 1-ელ აგვისტოს დასრულდა. 

ხელშეკრულების მიხედვით, ოთარ ცარიელაშვილი სატრანსპორტო მომსახურებას გორის მუნიციპალიტეტის 27 საბავშვო ბაღს გაუწევს. 

ამავე თემაზე: გორის მუნიციპალიტეტის 27 სოფლის საბავშვო ბაღს ტრანსპორტი მოემსახურება 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.