ადამიანები

რა დააშავა ქართველმა, “პალტოს ღილივით” რომ ჩამოგვკიდეს რუსეთს – შურა მამიევას ამბავი 

83 წლის ალექსანდრა (შურა) მამიევა 15 წელია ქარელის დევნილთა დასახლებაში ცხოვრობს. იგი ერთერთია, ვისაც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს თავის მშობლიური მხარის, სოფელ ნულის დატოვება მოუწია.

ის პროფესიით მასწავლებელია. 48 წელი მან დაწყებთი კლასების პედაგოგად იმუშავა.

” საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა ცხინვალის პედაგოგიურ ინსტიტუტში გავაგრძელე, შემდეგ სოფელ ნულის სკოლაში დავიწყე მუშაობა პედაგოგად, 15 წელი ვიმუშავე ნულის სკოლაში, შემდეგ კი ავნევის სკოლაში გადავედი. რა თქმა უნდა, მე ჩემი მოსწავლეებიისთვის თავს არ ვზოგავდი და შედეგმაც არ დააყოვნა, ისინი დღეს არიან წარმატებულები სხვადასხვა მაღალ თანამდებობებზე, ზოგი ექიმია, ზოგი იურისტი, ზოგიც საჯარო მოხელე. დღესაც რომ მხვდებიან ჩემი მოსწავლეები, მეხვევიან და მეფერებიან, დამძახიან შურა მასწავლებელო, შურა მასწავლებელოო. მე ეს სიამაყით მავსებს”.

შურა იხსენებს, რომ ნულში შეძლებული ოჯახი ჰქონდათ. ამუშავებდნენ მიწებს და მოსავალი მოჰყავდათ. 

“სოფელში საკმაოდ შეძლებული ოჯახი გვქონდა, ყველაფერი მოგვყავდა ხილი, მარცვლეული, საქონელიც გვყავდა,  2 ძროხა. ხილს ბაზარზე ჰყიდდა ჩემი მეუღლე. სტუმართმოყვარე ხალხი ვიყავით. გიორგობის დღესასწაულზე უამრავი სტუმარი მოდიოდა. 2 დღე ვზეიმობდით, აქ არავინ აღარ მოდის, ნათესავებიც კი აღარ მოდიან”, – სინანულით გვიყვება შურა. 

შურა იხსენებს, რომ როცა სოფელს იძულებით ტოვებდნენ, იმედი ჰქონდათ, რომ მალევე დაბრუნდებოდნენ.

“მენატრება ჩემი ეზო – კარი,  სულ იმის ხსენებაში ვართ. ისე წამოვედით, კარები არ დამიკეტია. ჭიშკარიც და სახლის კარებიც ღია დავტოვე გასაღებით.  გვეგონა, რომ დავბრუნდებოდით არავის არ ჰქონდა იმის მოლოდინი რომ ჩვენ უკან არ მივბრუნდებოდით. ერთი კითხვა გვაწუხებს ყველას ,რა დააშავა ნულელმა მშრომელმა კაცმა, ეს რომ დაემართა, არავისთვის ქართველს ცუდი არ სდომებია, ქართველებს კი ოდითგანვე ებრძოდნენ”, – ამბობს შურა. 

ნული ისტორიული სოფელია. გარშემო ციხე-სიმაგრეები და ეკლესიები აკრავს. შურას თქმით, ყოველ 20 მაისს მთელი სოფელი იკრიბებოდა და მარინეობის დღესასწაულს აღნიშნავდა. 

“ტყის დაბლაა გაშენებული ჩვენი სოფელი, შუაში კი ჩამოდის მდინარე ფრონე. ერთ მხარეს ჩვენ ვართ, მეორე მხარე კი ოსური სოფლები: ზემო გაზაანი, ქვემო გაზაანი და უბიათი. როგორც ახლა ცდილობენ რუსები ჩვენი მიწების მიტაცებას, მაშინაც ასე იქცეოდნენ”. 

შურას თქმით, სამშობლო მისთვის მშობლიური სოფელია, რომელში დაბრუნების იმედსაც უკვე 15 წელია არ კარგავს. 

“სამშობლო ჩემთვის ჩემი სოფელი ჩემი ნულია, სადაც დავიბადე და გავიზარდე. სადაც არ უნდა წაგვიყვანონ, გული მაინც შენი სამშობლოსკენ მიგიწევს. ოსური გვარი მაქვს, დედა ქართველი მყავდა. ჩემი სამშობლო საქართველოა, თუ შენ სამშობლოს არაფერი გაუჭირდება, შენც კარგად იქნები. ყოველდღე იმედის თვალით შევყურებ ტელევიზორს, რომ იქნებ რამე შეიცვალოს, არ მომწონს ხელისუფლების მიდგომა, მაინც რუსეთისკენ მიიწევენ. რისთვის გაწირეს ხალხმა 2008 წელს თავი. რა დააშავა, ქართველმა კაცმა “პალტოს ღილივით” რომ ჩამოგვკიდეს რუსეთს.  დღევანდელ საქართველოს ძალიან სჭირდება ევროპა და ამერიკა, ისე არაფერი არ გამოვა. ქართველი აღარ დარჩება საქართველოში. რუსები ჩამოდიან და აქ სახლდებიან, ქართველი კი გარბის”.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი