ადამიანები ისტორიები

“ავლინი”- ეზოს ავეჯი, რომელსაც ქარელელი ცოლ-ქმარი ამზადებს

ქარელში ახალგაზრდა ცოლ-ქმარმა ეზოს და დასასვენებელი სივრცეების ავეჯს დამზადება დაახლოებით 6 წლის წინ დაიწყეს. ამ სფეროში მუშაობის გამოცდილება და ცოდნა არცერთ მათგანს არ ჰქონდა. როგორც ამბობენ, ყველაფერი ოთხფეხა შინაური ცხოველისთვის სახლის აწყობით დაიწყო.

წყვილი ახლა საკმაოდ დიდ შეკვეთებზე მუშაობს და ავეჯის შეძენის მსურველები საქართველოს ყველა კუთიდან ჰყავთ.

“ეზოს და დასასვენებელი სივრცეების ავეჯის წარმოება მე-6 წელია, რაც დაწყებული გვაქვს. იდეა გაჩნდა შემთხვევით, როდესაც ოჯახში ჩვენი ძაღლისთვის ავაწყეთ სახლი და ძალიან მოგვეწონა,  ერთ-ერთ საიტზე დავდეთ გასაყიდად და დაგვირეკა მომხმარებელმა, შემდეგ მეორე სახლი ავაწყეთ და ასე იმატა შეკვეთების რიცხვმაც”, – გვიყვება თეონა სულაშვილი.

თეონა ამბობს, რომ პირველმა შეკვეთამ წყვილს მოტივაცია გაუჩინა დაფინანსებაზე განაცხადი შეევსოთ. “აწარმოე საქართველოს” გრანტის მიღების შემდეგ კი, მათი წარმოება გაფართოვდა.

ჩვენი სამუშაო იარაღები, რითიც საწყის ეტაპზე ვმუშაობდით იყო ერთი ცალი სახრახნისი და ერთი კუთხსახეხი, ამით მთავრდეოდა ჩენი მთელი წარმოება. პირველი მნიშვნელოვანი შეკვეთა იყო პარკის ავეჯი, რომელმაც დიდი სტიმული მოგვცა, იმისთვის რომ განვითარებისთვის გადაგვედგა ნაბიჯები და გადავწყვიტეთ მიგვეღო მონაწილეობა “აწარმოე საქართველოს” პროექტში, მივიღეთ დაფინანსება, რამაც განვითარების და პროდუქციის დახვეწის საშუალება მოგვცა“, – გვიყვება თეონა.

მცირე საწარმოს ოჯახმა “ავლინი” დაარქვა, რაც ძველ ქართულად “ეზოს” ნიშნავს.

“ჩვენი ნივთების წარმოება ეზოში ხდება, სახელი “ავლინიც” ამიტომ მოვუფიქრეთ. ჩვენი ბიზნესის განვითარებასთან ერთად, მე და ჩემმა მეუღლემ საკუთარი თავის განვითარებაზეც ვიფიქრეთ. მან ისწავლა ელექტრო შემდუღებლობა, მე ბუღალტერია, რომ ჩვენი საქმიანობა განგვევითარებინა. ეს ბიზნესი არის საოჯახო, თუმცა ზაფხულში გვყავს დასაქმებულებიც, რადგან ამ დროს არის შეკვეთების დიდი წილი, შესაბამისად დამხმარე ყოველთვის გვჭირდება”.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.