ბლოგები

მაგ ახალი მანქანებით, საოკუპაციო ხაზთან რამდენჯერ იყავით? –  ღია წერილი გორის მერიას

ავტორი: სოფო ასკილაშვილი

ქორდში დავიბადე და გავიზარდე. სოფელში, რომლის სიახლოვესაც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, საოკუპაციო ხაზმა გაიარა. სოფელში, სადაც რუსეთ-საქართველოს ომმა ბევრი რამ შეცვალა. უფროსი თაობისგან ხშირად მომისმენია, რომ ომამდე ადგილობრივები სხვანაირად ლაღები და თავისუფლები ყოფილან, ახლა ვუყურებ და თითოეულ მათგანში უდიდეს სევდას ვხედავ. რაც არ უნდა გულადი იყო, რთულია, იცხოვრო გამუდმებული შიშის ქვეშ. ჩვენ სწორედ ასე ვცხოვრობთ. 

თუმცა მყიფე მშვიდობა არაა ერთადერთი, რაც აქაურებს გვაშინებს და გვასევდიანებს. ჩვენ ვდარდობთ და განვიცდით იმასაც, რომ საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელი იცლება – თითქმის ყველა, ვისაც მუშაობა შეუძლია, ან უკვე წავიდა ან ახლო მომავალში გეგმავს ამას. 

ჩვენი სოფლიდან ბევრი გაექცა გაჭირვებას და ემიგრანტობა არჩია. ამ მხრივ არც ჩემი ოჯახი არ აღმოჩნდა გამონაკლისი – ჩემი ოჯახის ყველა წევრი ემიგრაციაშია. წასვლამდე ყველაფერი სცადეს, დათესეს, იშრომეს, მოიყვანეს, მაგრამ დიდი ოჯახისთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.

მიუხედავად იმისა, რომ არ მინდა ერთ დღეს ჩემი სოფელი დაცლილი ვნახო, მაინც არ ერთი წასულის ან წამსვლელის გაკრიტიკება არ შემიძლია, რადგან რთულია დარჩე იქ, სადაც არათუ განვითარების, არამედ ნორმალური ცხოვრებისთვის საჭირო პირობებიც არ არის. სოფლის ნაწილს სასმელი წყლის პრობლემა აქვს. ნორმალური ინტერნეტიც არ გვეღირსა და თავშეყრის ადგილის მოწყობასაც, აგერ, წლებია ველოდებით. 

ასე ვცხოვრობთ ჩვენ და ამ დროს ვიგებთ, რომ გორის მერიას ახალი ავტომობილები შეუძენია, დაუზღვევია და ტონობით საწვავი დაუხარჯავს. როგორ ფიქრობთ, რას ვგრძნობთ ამ დროს? იმას, რომ ჩვენი სოფლის გაძლიერებაზე მნიშვნელოვანი თქვენთვის საკუთარ კომფორტზე ზრუნვაა. 

თითქმის 1 000 000 ლარი დაიხარჯა ერთ წელში ახალი ავტომობილების შეძენისთვის და შენახვისთვისო და ეს მაშინ, როცა ჩვენს სოფელს წლიდან წლამდე უწევს ლოდინი, რომ მაგალითად, გარე განათება მოეწყოს ან სოფლის სასაფლაო შემოიღობოს. 

ამ ყველაფერზე ფიქრისას,  ერთი კითხვა მიჩნდება, ჩემი, თქვენი და ჩვენი ბიუჯეტით შეძენილი მანქანებით, ეს ადამიანები ერთხელ თუ მაინც ყოფილან ჩემს სოფელში; ერთხელ თუ მაინც უკითხავთ, როგორია ჩვენი ყოფა და როგორ ჩანს მათი ქცევა საოკუპაციო ხაზიდან, სადაც ყოველდღიური სარჩოს მოსაპოვებლად, იმისთვის, რომ შვილს განათლება მისცენ და იმისთვის რომ ასაკიანი მშობლები შეინახონ, ადამიანებს ოჯახების დატოვება წლობით უწევთ.

თქვენთვის არავის უთქვამთ, როგორ იცვლება მშობლების და შევილების ურთიერთობა? მაშინ მე გეტყვით – მშობლების და შვილების ისეთი გაუცხოება ხდება, სალაპარაკო თემა აღარ გვაქვს. ჩემნაირი თინეიჯერები დიდი ხანია გავიზარდეთ, ბავშვებს ბავშვურად არ გვიცხოვრია.

თქვენ კი, იმის მაგივრად, რომ ჩემს სოფელში მცირე საწარმოებით ადგილობრივების შეკავებას ცდილობდეთ, სამუშაო ადგილების შექმნაზე ფიქრობდეთ, ბიუჯეტს რაში ხარჯავთ?!

ამ სოფელში ვრჩებით ისინი, ვისაც ჯერ კიდევ გვეძვირფასება საკუთარი მიწა და მიუხედავად ოკუპანტის “თითის ქნევისა”, არაფრის დიდებით არ ვთმობთ არცერთ გოჯ მიწას.

მერის და საკრებულოს ავტოპარკის გამდიდრების ნაცვლად, იზრუნეთ იმ მოსახლეობაზე, რომლებიც საკუთარი ქვეყნის გუშაგებად არიან და მიუხედავად შიშისა, აქ, ამ მიწაზე აგრძელებენ ცხოვრებას.

საოკუპაციო ხაზიდან ჩვენ ყველაფერს კარგად ვხედავთ, თქვენც დაგვინახეთ!

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.