ბლოგები

პატარა ქალაქის თუ დიდი ქვეყნების „ზღაპრები“ – რა წავიკითხოთ ზაფხულში?

ავტორი: ანა იმნაძე

როცა შემომთავაზეს თქვენთვის რჩევები ჩამოწერა იმის შესახებ, თუ რა წაიკითხოთ ამ ზაფხულს, ცოტა დავიბენი – მაქვს კი უფლება, რამე გირჩიოთ? რამდენად ვიცნობ თქვენ თაობას. რა გიყვართ, რას უსმენთ, რა გაინტერესებთ. წიგნიც ხომ თქვენი ინტერესების ნაწილია და არა ცალკე აღებული რაღაც, საშიში ან გაუგებარი. ვცდი. ვნახოთ რა გამოვა.

თუ სულ ეს-ესაა კითხვა ისწავლე, შენთვის პატარავ, ერთი უსაყვარლესი წიგნი მაქვს შემონახული, გურამ პეტრიაშვილის „პატარა ქალაქის ზღაპრები“. არ დაიზარო. მოგეწონება.

ახალგაზრდებო, შეიძლება ვცდები, მაგრამ მაინც მგონია, არის თემები, რომლებიც არასდროს იცვლება, ამას 30 წლიანი კი არა, საუკუნოვანი სხვაობაც არ ცვლის, ამიტომ გავბედავ და შემოგთავაზებთ თქვენი ინტერესები, შიშები და სიხარული სხვადასხვა საუკუნიდან დაინახოთ, სხვადასხვა ქვეყნიდან და მერე იფიქროთ, ბევრი იფიქროთ, შეიცვალა რამე? თუ მხოლოდ გამოხატვის ფორმა.

თქვენი საუკეთესო ასაკი ზუსტად ისაა, როცა იწყებთ ფიქრს მეგობრობაზე და მეგობარზე. რამდენად კარგი მეგობარი ხართ თქვენ და თქვენი მეგობრები არიან კი ნამდვილად მეგობრები და საერთოდ, რას ნიშნავს მეგობრობა. ალბათ ბოლომდე ამაზე პასუხის გაცემა ძალიან გაგიჭირდებათ და ბევრ კოპსაც დაისვამთ შუბლზე, სანამ სწორ პასუხს იპოვით, მაგრამ წიგნი სწორედ ამიტომაა სამაშველო რგოლი – გეხმარება. გაჩვენებს, რომ მარტო შენ არ გაქვს ეს პრობლემა და შეკითხვები.

მეგობრობაზე სკოლაში საუკეთესო რამეს გასწავლიან – „ვეფხისტყაოსანს“. ახალგაზრდებო, სცადეთ და სავალდებულო საზეპიროების მიღმა სიუჟეტს კარგად დაუკვირდეთ, პერსონაჟების დამოკიდებულებას შეხედეთ. ვინ არიან, რა უნდათ, რატომ დაეხეტებიან კლდე-ღრესა და გამოქვაბულებში ვიღაცის გამო. სხვისი პრობლემების გამო რატომ იგდებენ თავს დიდ გასაჭირში.

ყველა ქვეყანასა და ეპოქას თავისი მოსაზრება, ვერსია აქვს. ყველა ავტორი თავისი გადმოსახედიდან გვანახვებს, მისთვის რას ნიშნავს მეგობრობა, ერთგულება და ღალატი. იქნებ ისინი დაგეხმარონ უფრო სწრაფად მიხვიდეთ თქვენეულ პასუხამდე. სცადეთ და საფრანგეთის შუასაუკუნეების რაინდების თვალით შეხედოთ მეგობრობას – „სამი მუშკეტერი“. დიდი ამბები გელოდებათ წინ, თავგადასავალი და პასუხებიც ალბათ.

თუ თვლით რაღა დროს მუშკეტერები და რაინდებია, წავედით აღმოსავლეთში, გასული საუკუნის, ან ამ საუკუნის დასაწყისის ამბებია „ფრანით მორბენალში“, ზუსტად ეს, საფრთხეს გარიდებული და სამშვიდობოს გასული, როგორ ვერ შეირგებს თავის მშვიდ ცხოვრებას და ბავშვობის მეგობრის წინაშე ვალდებულების შეგრძნებით უბრუნდება ამ პლანეტის ერთ-ერთ ყველაზე დაუცველ ქვეყანას და გაუსაძლის ყოფას, მეგობარი იპოვოს და სადამდეც შეძლებს, შეუძლებლის ზღვრიდანაც კი დაეხმაროს, აქედან რა გამოვა თქვენ უნდა ნახოთ, მე ცოტა უკვე დაგასპოილერეთ, დანარჩენი თქვენი წასაკითხია.

ავღანური ამბებიც გეშორებათ? ისევ ევროპაში დავბრუნდეთ, ბრიტანეთში, ჰარი პოტერის და მისი მეგობრების ამბები. აქაც შეკითხვები და პასუხები მთლად თანაბარი არაა, მაგრამ სათქვენოს ბევრს ნახავთ. ფილმი ძალიან მომეწონა, წიგნი ბევრად სჯობს.

თუ შენ უკვე უფროსკლასელი ხარ და გარდატეხის ასაკის ყველა სიკეთე და პრობლემა ერთდროულად დაგატყდა თავს, მაშ არც ეს შეკითხვა იქნება უცხო – ვინ ვარ, რა დანიშნულება მაქვს, რაა ღირსება, რა არის სწორი და არასწორი და ვინ აწესებს ამ ყველაფერს. ხშირად გეცვლებათ დამოკიდებულება იმ საკითხებზე, რაც გეგონათ რომ ჭეშმარიტება იყო, ახლა სხვაგვარად ფიქრობთ და ეს ცვლილებები გაშინებთ. ვერც მე დაგპირდებით, რომ გამზადებულ რეცეპტს შემოგთავაზებთ. ისევ ტექსტებით ვეცდები გაგიადვილოთ თქვენეულ პასუხებამდე მისვლა. გირჩევდით, გადახედოთ ისევ ამერიკას წინა საუკუნეში, რადგან ჩვენ ახლა გავდივართ ამ გზას, სელინჯერი და „კლდის პირას, ჭვავის ყანაში“ მგონი ისაა, რაც კიდევ უფრო მეტს გაფიქრებთ.

საქართველოს მოვუბრუნდეთ ისევ. ვიცი, ეს ტექსტები სკოლაში ისწავლეთ, მაგრამ ამ ზაფხულს კიდევ ერთხელ მიუბრუნდით, ვალდებულების გარეშე – „ალუდა ქეთელაურს“ და „სტუმარ-მასპინძელს“. რა უნდოდა ალუდას, რატომ აუმხედრდა თემს, რატომ არ შეეწინააღმდეგა თემის გადაწყვეტილებას, რა მოხდა ამ კაცში ამისთანა, მთელი ცხოვრება რომ ერთ დღეში შეაცვლევინა. ან ჯოყოლას რას ერჩოდა თემი, ან ამან რატომ გამოიდო თავი ზვიადაურის დასაცავად.

ორივე პერსონაჟმა გაიარა მგონი ის გზა, რომელსაც თქვენ აქედან შიშით უყურებთ. შეიცვალეს დამოკიდებულება და სამყაროს სხვისი თვალითაც შეხედეს. ღირდა? ამის პასუხი მხოლოდ თქვენ იცით. ურჩიე ახალგაზრდებს რამეო და ვცადე.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.