ახალი ამბები

“მოზაიკამ” გორის მერიაში განხორციელებული რეორგანიზაციის შესწავლის მოთხოვნით, პროკურატურას მიმართა 

“მოზაიკამ” გორის მერიაში განხორციელებული რეორგანიზაციის შესწავლის მოთხოვნით, პროკურატურას მიმართა. 

გთხოვთ, თქვენი კომპეტენციის ფარგლებში, შეისწავლოთ გორის მუნიციპალიტეტის მერიასა და გორის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ-ებში განხორციელებული რეორგანიზაციებისა თუ ოპტიმიზაციებისას მიღებული საკადრო გადაწყვეტილებები, რათა დადგინდეს, ხომ არ შეიცავდა ისინი სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულებრივ ქმედებებს. გთხოვთ, ამავე მიზნით შეისწავლოთ დისციპლინური დევნის შედეგად გათავისუფლებულ თანამშრომელთა საქმეებიც”, – ნათქვამია პროკურატურაში გაგზავნილ განცხადებაში. 

“ადამიანის უფლებათა ცენტრის” იურისტთან გავლილი კონსულტაციების საფუძველზე, “მოზაიკა” მიიჩნევს, რომ საკადრო გადაწყვეტილებების შესწავლისას, შესაძლოა გამოიკვეთოს რამდენიმე დანაშულის ნიშნები, კერძოდ:

  1. ადამიანთა თანასწორუფლებიანობის დარღვევა (მუხლი 142), რაც გულისხმობს ადამიანთა თანასწორუფლებიანობის დარღვევას მათი ასაკის, გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით, რამაც არსებითად ხელყო ადამიანის უფლება. გათავისუფლებულების ნაწილი მიუთითებდა, რომ მოხდა მათი სამსახურიდან გათავისუფლება სწორედ მათ მიერ გამოხატული კრიტიკული პოზიციებისა თუ პოლიტიკური შეხედულებების გამო (მაგ. ო.ხ.-სა და დ.ჭ-ს საქმეები). დაირღვა მათი შრომითი უფლება, რაც წარმოადგნს ადამიანის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლების დარღვევას.
  2. დევნა (მუხლი 156), რაც გულისხმობს ადამიანის დევნას სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობის, რწმენის ან მრწამსის გამო, ანდა მის პოლიტიკურ, საზოგადოებრივ, პროფესიულ, რელიგიურ ან მეცნიერულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით. ზემოთ მითითებული საქმეებზეც შესაძლოა გამოიკვეთოს აღნიშნული დანაშაულის ნიშნები, რამდენადაც მათი გათავისუფლება სამსახურიდან განხორციელდა გამოხატული კრიტიკული შეხედულებების გამო.
  3. შრომის კანონმდებლობის დარღვევა (მუხლი 169), რაც გულისხმობს პირის იძულებას, დაწეროს განცხადება საკუთარი ინიციატივით სამუშაოდან განთავისუფლების თაობაზე, ან სამუშაოზე აღდგენის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია გორის მუნიციპალიტეტის მერიის ყოფილ თანამშრომელ დ.ჭ.-ს მომართული აქვს მითითებული დანაშაულის შემადგენლობასთან დაკავშირებით და ითხოვს დამნაშავე პირების დასჯას.
  4. სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება (მუხლი 332), რაც გულისხმობს მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, თავისთვის ან სხვისთვის რაიმე გამორჩენის ან უპირატესობის მისაღებად, რამაც ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.

“სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ადასტურებს, რომ ხელმძღვანელი პირები ხშირ შემთხვევაში უკანონო გადაწყვეტილებების საფუძველზე სხვადასხვა დაფარული მოტივაციით ათავისუფლებენ საკუთარ თანამშრომლებს თანამდებობიდან. აღნიშნული დავები ინაცვლებს სასამართლოში, რის შემდეგაც ბიუჯეტს უწევს საკმაოდ სოლიდური თანხების გადახდა უკანონოდ გათავისუფლებული თანამშრომლების სასარგებლოდ. აღნიშნული წარმოადგენს როგორც გათავისუფლებულის, ისე ადგილობრივი თვითმმართველობის არსებითი ინტერესების დარღვევას, კერძოდ ერთი მხრივ ირღვევა უკანონოდ გათავისუფლებულის შრომითი უფლებები, ხოლო მეორე მხრივ იფლანგება ადგილობრივი თვითმართველობის ბიუჯეტი. აღნიშნულზე კი პასუხისმგებელი არავინ არ არის. შესაბამისად, გადაწყვეტილების მიმღები პირები აგრძელებენ უკანონო, თვითნებურად განხორციელებულ საკადრო პოლიტიკას”, – წერია “მოზაიკას” მიერ პროკურატურაში წარდგენილ განცხადებაში. 

შეგახსენებთ, რომ თვითმმართველობის არჩევნების ოფიციალური შედეგების გამოცხადებიდან მალევე, მუნიციპალურ ა(ა)იპ-ებში საკადრო ცვლილებები დაიწყო. 2021 წლის ნოემბრის შემდეგ,  ხელმძღვანელობა შეიცვალა გორის მერიის მიერ დაფუძნებულ 4 ა(ა)იპ-ში. ხელმძღვანელი პირების გარდა, ცვლილებები სხვა თანამშრომლებსაც შეეხოთ – ჯამში მერიამ შრომითი ურთიერთობა ა(ა)იპ-ების 80-მდე თანამშრომელთან აღარ გააგრძელა. მუნიციპალურ ა(ა)იპ-ებში ცვლილებებს, მალევე მოჰყვა რეორგანიზაცია გორის მერიაში, რომლის შედეგადაც სამსახურიდან 13 თანამშრომელი გაათავისუფლეს. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.