ახალი ამბები

“გოა კრედიტი” მომსახურების გაწევამდე მომხმარებელთა პოლიტიკურ აქტიურობას იკვლევს 

“გოა კრედიტი” მომსახურების გაწევამდე, მომხმარებელს კითხვარს ავსებინებს, რომლის ერთ-ერთი შეკითხვა ასეთია: “ხართ თუ არა თქვენ/თქვენი ოჯახის წევრი პოლიტიკურად აქტიური პირი?”.

ერთ-ერთი, ვისაც “გოა კრედიტის” გორის ფილიალში აღნიშნული კითხვარის შევსება სთხოვეს, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი ანი ბალიაშვილია. 

როგორც მან “მოზაიკას” უთხრა, მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში თანხის გადახურდავების მიზნით იყო მისული. 

“ჩემი და ემიგრანტია. მისი ფინანსური საქმეების მენეჯერი აქ მე ვარ. ამიტომ ხშირად მიწევს გზავნილის მიღება და ლარში კონვერტაცია. ძირითადად მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში ვახურდავებ, უკეთესი კურსის გამო.  დღეს ამ დაწესებულებაში ამ ფორმის შევსება მთხოვეს და როგორც მითხრეს, , გარკვეულ რაოდენობას რომ გადააჭარბებ, კითხვარის შევსება სავალდებულო ხდება”, – გვითხრა ანო ბალიაშვილმა. 

მან იმ კითხვარის ფოტო გაასაჯაროა, რომელსაც მიკროსაფინანსო ორგანიზაცია მომხმარებლებს ავსებინებს. 

“ჯერ შევსება დავიწყე, მაგრამ მე -11 და მე-15 კითხვებს რომ დავხედე, ცოტა არ იყოს დავფიქრდი. მე 11 კითხვაში აინტერესებთ რისთვის მჭირდება გადაცვლილი ვალუტა. რაში აინტერესებს საფინანსო ორგანიზაციას,სად უნდა დაიხარჯოს ჩემი დის ნაშრომი ხელფასი? მე-15 კითხვით ჩემი და ოჯახის წევრების პოლიტიკურ შეხედულებებს არკვევენ. გასაგებია,რომ ჩემი აქტივიზმი არავისთვისაა უცხო და არც საჯაროობის პრობლემა მაქვს. მეტიც, აქტივიზმი სწორედ საჯაროობას გულისხმობს პირველ რიგში,მაგრამ რა უნდა ქნას მოქალაქემ, რომელსაც ისედაც ეშინია პოლიტიკური შეხედულებების გამოთქმის, სამსახურის დაკარგვის შიშით”, – აღნიშნავს ბალიაშვილი. 

საკითხის გასარკვევად “გოა კრედიტს” დავუკავშირდით, რომლის წარმომადგენელმაც გვითხრა, რომ კითხვარს მომხმარებლებს ეროვნული ბანკის დავალებით ავსებინებენ. 

“ეროვნული ბანკის დადგენილებაა, რომ ბანკებში და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში მოხდეს კითხვარის შევსება. ამის მიზანია, რომ მომხმარებელი გავიცნოთ და გვქონდეს წარმოდგენა. თუმცა ეს არ ხდება ყველა მომხმარებელზე, გააჩნია თანხას, რა თანხით ფიქსირდება ის ჩვენს ფილიალში. ამ უწყინარი კითხვარით ერთგვარ მონიტორინგს ატარებს ეროვნული ბანკი, რომ არ მოხდეს ფულის გადინება, გათეთრება და ასე შემდეგ. როგორც ვიცით, მსგავს კითხვარს ყველა ბანკში და მიკრო საფინანსო ორგანიზაციებში ავსებინებენ”, – გვითხრეს “გოა კრედიტში”. 

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.