ახალი ამბები

“მალე აქ ჩამოვლენ და აქედან წაგვიყვანენ” – ტარიელ გურგენიძე მეჯვრისხევიდან 

“მალე აქ ჩამოვლენ და აქედან წაგვიყვანენ”, – ამბობს მეჯვრისხევში მცხოვრები ტარიელ გურგანიძე. 

მისი თქმით, ადგილი, საიდანაც დღეს დილით საოკუპაციო ძალის წარმომადგენლებმა ადგილობრივები გაიტაცეს, მეჯვრისხეველებისთვის დასვენების და განტვირთვის სივრცეა. 

ამავე თემაზე: მდინარეზე იყვნენ საბანაოდ – რას ამბობენ მეჯვრისხევში თანასოფლელების გატაცებაზე

“ეგ ადგილი ძალიან კარგად ვიცი, იმიტომ რომ მთელი ჩემი ბავშვობა მანდ მაქვს გატარებული, მუმლაანთ წყაროს ეძახდნენ. შვილიშვილები დამყავს ხოლმე, უყვართ ეგ ადგილი შარშან მთელი ზაფხული იქ გავატარეთ”, – ამბობს ტარიელი.

მისი თქმით, ოკუპანტებმა მდინარის პირას კიბე მოაწყეს, რომელიც ადგილობრივებმა მოგვაინებით შენიშნეს. 

“ძალიან-ძალიან გვიან შევაჩნიე ე.წ გამყოფი ხაზი, მდინარის პირზე რაღაცა კიბე გაუკეთებიათ და ახალგაზრდები ხუმრობდნენ, აი იქით თუ გადავედით, დაგვიჭერენო, მაგრამ იქითკენ გადასვლაზე კი არ არის საქმე, იმდენდ გათავხეებულები არიან, ჩვენი მთავრობის უუნარობით და დაუსჯელობით, ყველაფერს იკისრებენ, აქ ჩამოლნენ და აქედან წაგიყვანენ”, – წუხს ტარიელი. 

მას სოფელში, საოკუპაციო ხაზთან ვენახი აქვს გაშენებული. ამბობს, რომ სოფელში ცხოვრება ყოველდღიურად მეტად საშიში ხდება. 

“ვენახი მაქვს, რომელიც 150 მეტრშია გამყოფი ხაზიდან.  5 საათზე გადავდივარ სამუშაოდ. მშიშარა კაცი არ ვარ, მაგრამ რომ მუშაობ, გინდა, არ გინდა გაქვს იმის შეგრძნება, რომ ვიღაც შეიძლება მოგადგეს და წაგიყვანოს.”

ტარიელი 67 წლისაა და ეშინია, რომ ოკუპანტები მისი თანასოფლელების უკანონო დაკავებას არ შეწყვეტენ. 

‘ახლა ვითომ დათმობა მიდის ჩვენი სახელმწიფოსგან, რაღაც ასეთი პოლიტიკა მიდის, მაგრამ რეალური შედეგი სად არის? არც იქნება არასოდეს, იმიტომ რომ რუსი ისეთი ბუნებისაა, ისეთი გაუმაძღარი, დაუნახავი, ხარბი მენტალიტეტი აქვს, მაგათთან შერიგების პოლიტიკა არ გამოვა. ჩემი აზრით, უნდა დავუბრუნდეთ ევროპას და ევროპისკენ, რადგან განვითარების სხვა გზა არ არსებობს”. 

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.