ბლოგები

ნიჭის აღმოჩენას და სიკეთის კეთების სურვილს მოაქვს წარმატება – მარტოხელა დედა საოკუპაციო ხაზიდან

საოკუპაციო ხაზთან ცხოვრობს სოფიო ბუნტური, რომელიც ფიქრობს, რომ ყველა ადამიანს აქვს რაღაც ნიჭი და რომ წარმატების მიღწევა ნებისმიერ ადგილას დაბადებულ ადამიანს შეუძლია. 

“შემოქმედებითი უნარი ყველა ადამიანს აქვს, ყველა ადამიანს აქვს რაიმეს ნიჭი. მისი აღმოჩენაა მთავარი და არა ის, თუ სად ცხოვრობ”, – მითხრა იმ საქმეზე საუბრისას, რომელსაც 12 წელია, დიდ დროს და ენერგიას უთმობს. 

სოფიო მეჯვრისხევში, საკუთარ სახლში დეკორატიულ ნივთებს ამზადებს და ამისთვის ცვილს იყენებს. იხსენებს იმ პერიოდს, როცა ცვილზე მუშაობას სწავლობდა. 

“პირველად სანთელზე მუშაობა დირბის დედათა მონასტერში, დედა ნატალიასთან ვისწავლე. იქ გამოვლინდა ჩემი ნიჭი. როგორც იცით, მონასტერში ბევრი საქმეა გასაკეთებელი. დედაო თითქმის არაფერს მავალებდა, გარდა იმისა, რომ სანთელზე მემუშავა”.

33 წლის სოფიო ამბობს, რომ მისი გეგმები დიდწილად სხვებისთვის სარგებლის მიტანის სურვილმა განსაზღვრა. ეს სურვილი იყო იმ ტრენინგების ჩატარების მოტივიც, სადაც საკუთარ ცოდნას სხვა ქალებს უზიარებდა. 

“პირველ რიგში, ჩვენ საკუთარ თავს ხშირად უნდა დავუსვათ კითხვა, რისთვის ვცხოვრობთ, რა სიკეთე მოგვაქვს სამყაროსთვის, გარშემომყოფებისთვის? შედეგად, მივალთ პასუხამდე, რა შეგვიძლია და რას ვაკეთებთ ამ შესაძლებლობებიდან. ამას საკუთარი გამოცდილებით ვამბობ.“

სოფიო მარტოხელა დედაა. ამბობს, რომ შვილზე დამოუკიდებლად ზრუნვა რთულია, თუმცა რწმენა, რომ გადაულახავი დაბრკოლებები არ არსებობს, მუდმივად წინსვლისა და განვითარებისკენ უბიძგებს.

“მე როგორც მარტოხელა დედა,არასოდეს ვაძლევ თავს უფლებას ვიყო სუსტი და სულ სიახლეებს ვეძებ.”

სიახლე, რომლისკენაც სოფიო ამჟამად ისწრაფვის, პერსონალური გამოფენის მოწყობა და საკუთარი ნამუშევრების ფართო საზოგადოებისთვის ჩვენებაა. 

“დიდი სურვილი მაქვს, გამოფენა მოვაწყო, ძალიან მინდა. ჩემი საქმე ეს ჩემი სულია, ჩემი ცხოვრებაა”.


მასალა მომზადებულია პროექტის “ქალები და ოკუპაცია” ფარგლებში. პროექტს “მოზაიკა” შვედური ორგანიზაციის “სამოქალაქო უფლებების დამცველები” დაფინანსებით ახორციელებს. მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორებს და შესაძლოა, არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის პოზიციებს. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.