ადამიანები ისტორიები

მინდა, ჩემი საქმე მქონდეს – მომავალი სტუნდეტის ნამუშევრები და სამომავლო გეგმები

ბრეთის მეურნეობაში მცხოვრები სკოლის მოსწავლე მარიამ მამაცაშვილი რამდენიმე წელია დეკორატიულ ნივთებს ამზადებს. ამ გატაცებისადმი მისი დამოკიდებულება იმ დღის შემდეგ შეიცვალა, როცა მასწავლებელმა უთხრა, რომ მისი ნამუშევრის შეძენა სურდა.

“არ ვფიქრობდი, რომ ეს ნივთები გამეყიდა, მაგრამ როცა ერთი ნივთი ჩემმა პედაგოგმა შეიძინა, დამატებით მოტივაცია მომეცა. ერთ წელში სტუდენტი გავხდები და ვფიქრობ, თუ ხელნაკეთ ნივთებს დავამზადებ და გავყიდი, მცირე, მაგრამ ჩემი შემოსავალი გამიჩნდება. თუ ამ ყველაფრის საკეთებლად დაფინანსებაც მექნება, ხომ კიდევ უკეთესი”.

მარიამი დეკორაციებს თითქმის გამოუსადეგარი ნივთებისგან ამზადებს. მუყაოს ყუთებს, ფურცლებს, ძაფებს – ამ ყველაფერს ყოველდღიურად იმ განზრახვით აგროვებს, რომ მომავალში ნივთების შესაქმნელად გამოიყენებს.

“შეიძლბა ითქვას გადასაყრელი, გამოუსადეგარი მასალებისგან ვაკეთებ ნივთებს, მუყაოს ყუთებს, ფურცლებს, ძაფებს, მძივებს ვინახავ და დეკორაციებს ვქმნი. დედასაც აინტერესებს ეს საქმე და ხშირად ერთობლივად ვაკეთებთ ნივთებს”.

მარიამი ამბობს, რომ ნამუშევრების შექმნისთვის შემოქმედებითი უნარი მნიშვნელოვანია, თუმცა იქამდე ძირითადი ტექნიკების სწავლაა საჭირო, რაც მან ინტერნეტში გამოქვეყნებული ვიდეოებიდან ისწავლა. მაშინ ჯერ მხოლოდ მეხუთე კლასელი იყო.

“პირველად ინტერნეტის დახმარებით ვაკეთებდი, ვნახულობდი ამ თემატიკის სხვადასხვა ვიდეოებს და ასე ვქმნილი მარტივ დეკორაციებს. ახლა უკვე დამოუკიდებლად, ჩემი ფანტაზიით ვაკეთებ, გააჩნია რა მინდა ან რის ხასიათზე ვარ”.

მარიამი მე-12 კლასელია და ერთ წელში სტუდენტი გახდება. ფიქრობს ამ პერიოდში ხელსაქმე დახვეწოს და მომავალში გაყიდული ნივთები სწავლას და სტუდენტურ ცხოვრებას მოახმაროს.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.