ბლოგები

ცურვა, როგორც სასარგებლო სპორტი ბავშვებისთვის

ავტორი: ეკატერინე ფხიკიძე, ცურვის მწვრთნელი და სპორტის მასწავლებელი

ცურვა საუკეთესო ცხოვრებისეული გამოცდილებაა, რომელიც გასწავლის როგორ გაუღო კარი ბევრ დადებით ემოციას და გათავისუფლდე უარყოფითისგან. 

2001 წლიდან დღემდე ვმუშაობ ცურვის მწვრთნელად და 2012 წლიდან ფიზიკური აღზრდის და სპორტის მასწავლებლად, დიდი პასუხისმგებლობითა და სიყვარულით ვეკიდები ორივე საქმეს.

მახსოვს, 8 წლის ასაკში, დედამ ხერხემლის გამრუდების გამო მიმიყვანა ცურვაზე. პირველი გაკვეთილიდანვე, ცურვა გახდა ჩემი ცხოვრების თანამგზავრი. მის გარეშე დღესაც ვერ წარმომიდგენია თავი.

ჩემი ნიჭისა და მონდომების წყალობით, მალევე გავაგრძელე ვარჯიში სპორტულ ჯგუფში და ჩავირიცხე გორის ცურვის ნაკრებშიც. მიღებული მაქვს მრავალი ჯილდო და პრიზი, ვარ უამრავი სერტიფიკატის მფლობელი. აღზრდილი მყავს მრავალი თაობა, მათ შორის, საქართველოს ჩემპიონები და პრიზიორები ცურვაში.

რა ასაკიდან არის რეკომენდირებული ბავშვის მიყვანა ცურვაზე?

ბავშვის მიყვანა ცურვაზე რეკომენდებულია პატარა ასაკიდანვე. ისინი წყალში ყოფნას უნდა მიეჩვივნენ და წყლის მიმართ გაუქრეთ შიში. პატარებს, ასევე, ვასწავლით სუნთქვის შეკავებას, წყალზე ტივტივს და სხვა ელემენტარულ უნარებს.

ცურვა კარდიო დატვირთვების ლიდერია და ამ მხრივ, მას ვერც ერთი სპორტის სახეობა შეედრება. ამჟამად ვმუშაობ 5 – 15 წლის ასაკის მოსწავლეებთან. ბავშვის ცურვაზე მიყვანა შეიძლება მეძუძური ასაკიდან.

მოგეხსენებათ, ბავშვი მუცლადყოფნის პერიოდშივე წყალშია და მანფიზიოლოგიურად იცის ცურვა, ასე ვთქვათ, თანდაყოლილად აქვს ეს ნიჭი. გარკვეული პერიოდის შემდეგ კი ფიზიოლოგიური ცურვა სპორტულ ცურვაში გადადის და ბავშვები იწყებენ ტექნიკის შესწავლას. როცა ბავშვს შეუძლია დავალებებზე ადეკვატურად მოახდინოს რეაგირება (3-4 წლის ასაკში), შესაძლებელია მათთვის ცურვის შესწავლა.

რა გავლენა აქვს ცურვას ბავშვის ჯანმრთელობაზე?

ყველა დედამ იცის, რომ სპორტი სასარგებლოა ბავშვის ჰარმონიული ფიზიკური განვითარებისთვის. სუნთქვითი სისტემისა და გამძლეობისთვის კარგია მსუბუქი ათლეტიკა; მაგრამ არსებობს სპორტის ერთი სახეობა, რომელიც დადებითად მოქმედებს მთელს ორგანიზმზე – ეს ცურვაა.

უფრო მეტიც, პედიატრები დედას ურჩევენ, შვილი ცურვაზე მიიყვანოს იმ შემთხვევაშიც კი, როცა ბავშვს სპორტდარბაზში ვარჯიში აკრძალული აქვს.

მაგალითად, ხერხემლის დაავადების დროს სასარგებლოა კუნთების დატვირთვა, მაგრამ მსუბუქ ფორმაში. ცურვა ერთადერთი ვარჯიშია, რომელიც კუნთებს თან ავითარებს, თან ადუნებს.

თუ ბავშვი ცურვაზე დადის, თავიდან აიცილებს ისეთ დაავადებებს, როგორიცაა სისხლძარღვებისა და გულის პრობლემა, ზედმეტი წონა.

ასევე, ცურვა ის ხელს უშლის ორგანიზმში ანთებითი პროცესების წარმოქმნას, ამცირებს გულის დაავადებების რისკს. ცურვის დროს კუნთების ტონუსში მოყვანა მაქსიმალურად ხდება.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.