სტატიები

175 948 ლარი კომპანიას, რომელმაც ქარელის 4 სოფელში გზა 20 დღეში უნდა მოაწყოს 

ქარელის მუნიციპალიტეტის მერიამ ხელშეკრულებები გაუფორმა შპს “ხაშურგრუპს”, რომელმაც 4 სოფელში გზები უნდა მოაწყოს. მერიამ კომპანიას საერთო ჯამში, 175 948 ლარის ღირებულების ხელშეკრულება გაუფორმა. 

ხელშეკრულებები მიმდინარე წლის 12 ივნისს დაიდო, რომლის მიხედვითაც კომპანიამ ოთხივე სოფელში გზების მოწესრიგება 20 დღეში უნდა დაასრულოს, ანუ 2 ივლისის ჩათვლით პერიოდში. 

აღსანიშნავია, რომ სამუშაოები სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შესრულდება. თითოეული სოფლისთვის გამოყოფილი იყო 20 000 ლარამდე თანხა, რომელსაც მერიის თანადაფინანსებაც დაემატა. 

  • დვანში სასაფლაოს გზის მოწესრიგება – 39 994 ლარი; 
  • კნოლევში და ზღუდერში შიდა საუბნო გზების მოწყობა – 55 967 ლარი; 
  • ბრეძაში შიდა საუბნო გზების მოწესრიგება – 47 992 ლარი; 
  • საციხურში შიდა გზების მოწესრიგება – 31 995 ლარი. 

ამავე თემაზე: ა ინფრასტრუქტურული პროექტებია დაგეგმილი ქარელის მუნიციპალიტეტში?

ინფორმაცია შპს “ხაშურგრუპის” შესახებ

იქიდან გამომდინარე, რომ სამუშაოები სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სრულდება, ქარელის მერიამ კანონით მინიჭებული უფლება გამოიყენა და კომპანიის შესარჩევად ტენდერის გამოცხადებას თავი აარიდა – 175 948-ლარიანი ხელშეკრულება შპს “ხაშურგრუპთან” გამარტივებული შესყიდვის წესით გაფორმდა.

ორი წლის წინ,  2021 წლის 24 ივლისს რეგისტრირებულ კომპანიას, შესყიდვების ვებ.გვერდის მიხედვით, სახელმწიფოსთან თანამშრომლობის დიდი გამოცდილება არ აქვს. 

დაფუძნებიდან დღემდე მას ერთადერთი ტენდერი აქვს მოგებული – 2022 წელს “ხაშურგრუპმა” ხაშურის მერიის ტენდერში გაიმარჯვა და სოფელ ქვიშხეთში სანიაღვრე არხის მოწყობის და გზის დაბეტონების სამუშაოების შესრულების ვალდებულება აიღო, რისთვისაც ბიუჯეტიდან 134 235 ლარი მიიღო. 

აღნიშნულ კომპანიას სხვა ტენდერებში მონაწილეობა მიღებული არ აქვს. “საერთაშოიროს გამჭვირვალობა – საქართველოს’ ვებ.გვერდის მონაცემებით, საბიუჯეტო დაწესებულების მხრიდან კომპანიასთან არც გამარტივებული და არც კონსოლიდირებული შესყიდვები არ ფიქსირდება.  

შესაბამისად, უცნობია ის გამოცდილება და კრიტერიუმები, რომლითაც ქარელის მერიამ 175 948 ლარის ღირებულების სამუშაოების შესასრულებლად სწორედ ეს კომპანია შეარჩია. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.