ადამიანები ისტორიები

“ჯერ ისევ ახალგაზრდა ვარ” – საუბარი ჩემს ქეთო ბებოსთან ოცნებებზე, ოჯახზე, ომზე

ქეთო ბებოზე, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება ოჯახის წევრებზე ზრუნვას მიუძღვნა, რომელმაც ბავშვობის მთავარი ოცნება ვერ აისრულა და რომელსაც არც ომში და არც ომის შემდეგ არ უფიქრია სოფლიდან წასვლაზე, აქამდეც ბევრი რამ ვიცოდი, თუმცა ამ საუბრის დროს, მგონია, მეტად დავუახლოვდი, უფრო მეტად გავიცანი. 

მე ვარ ქეთევან ღვალაძე, 68 წლის, – ასე დავიწყეთ მე და ბებომ საუბარი.

ბებო შვილებთან, რძალთან და შვილიშვილებთან ერთად საოკუპაციო ხაზთან მდებარე, სოფელ მეჯვრისხევში ცხოვრობს. როგორც თვითონ ამბობს, მის ოჯახში ყველა ერთმანეთზე ზრუნავს, რასაც მისთვის იმედის და სიმშვიდის განცდა მოაქვს. 

“როგორც მე ვზრუნავ ჩემს შვილებსა და შვილიშვილებზე, ისე ზრუნავენ ისინიც ჩემზე. ძალიან ვუყვარვარ ყველას. მათი იმედი მაქვს, რო რაღაცა დამჭირდება, ისინი იზრუნებენ ჩემზე.”

ბებო დიასახლია. არასოდეს უმუშავია, რადგან ახალგაზრდობაში განათლების მიღება და პროფესიის შეძენა ვერ შეძლო. პირველად მეც ამ საუბრის დროს გავიგე, რომ მთელი ცხოვრება ბებოს მასწავლებლობა უნდოდა. 

“ძალიან სულითა და გულით მინდოდა, რო პედაგოგი გამოვსულიყავი დაწყებითი კლასის, მაგრამ ფინანსური მდგომარეობის გამო, ჩემს მშობლებს 5 შვილი ჰყავდა და ვერ მასწავლეს. დროის უკან დაბრუნება რომ შემეძლოს, რა თქმა უნდა, რამეს უფრო მეტად ვეცდებოდი”.

როდის იწყება სიბერე? ამ კითხვაზე პასუხი ყველაზე მეტად მაინტერესებდა, პასუხმა კი გამაოცა. ბებოს აზრით, ის შინაგანად ჯერ კიდევ ახალგაზრდაა.

“მართალია უკვე 68 წლის ვარ, მაგრამ არცა მგონია რომ ამ წლოვანების ვარ და ბებერი ვარ. ყველაფერს კარგად ვაკეთებ და კარგადაც ვაზროვნებ ჯერჯერობით. მაშინ დავბერდები, როცა შინაგანად აღარ ვიქნები ახალგაზრდა, როცა ვერ შევძლებ ჩემს თავზე ვიზრუნო.”

ქეთო ბებო უკვე 47 წელია მეჯვრისხევში ცხოვრობს, მას შემდეგ, რაც დაოჯახდა და აქ გადმოვიდა საცხოვრებლად. ის ამ სოფელზე შეყვარებულია და სხვაგან ცხოვრება ვერც წარმოუდგენია. 

”ჩემი მშობლიური სოფელი არ არი მეჯვრისხევი, მაგრამ ისე შემიყვარდა 47 წლის მანძილზე. ყველანაირად კარგი სოფელია ჩემთვის. არასდროს არ ვიფიქრებ, რომ სადმე სხვაგან წავიდე, იმიტომ რომ მიყვარს აქაურობა და ვერც ქალაქში გავძლებ.”

აქამდე არ ვიცოდი, რომ ბებო სოფლიდან ახალგაზრდების წასვლას განიცდიდა. ამაზე აქამდე არასოდეს უსაუბრია. დღეს პირველად მითხრა, რომ უნდა, განათლების მისაღებად წასული ახალგაზრდები კვლავ სოფელში ბრუნდებოდნენ და მშობლიურ მიწაზე განვითარება შეეძლოთ. 

სამშობლოზე საუბარს თავისთავად მოჰყვა 2008 წლის ომის გახსენებაც. ამ თემაზე მე და ბებო ხშირად ვსაუბრობთ. მე მაშინ ძალიან პატარა ვიყავი და  ბევრი რამ არ მახსოვს. ბებოსთვის კი იმ დღეების გახსენება დღემდე იმდენად რთულია, რომ ხსენებაზეც კი სახე უსევდიანდება. მით უმეტეს, რომ სხვა მებრძოლებთან ერთად ბებოს შვილი, ბიძაჩემიც იბრძოდა. 

“რაც მე მაშინ უბედურობა ვნახე. ჩემი მერაბი ომში წაიყვანეს, 10 წლის სიცოცხლე დამაკლო ამ ომმა. ძალიან დიდი უბედურება გამოიარა ჩემმა ოჯახმა. მაგრამ კიდევ კარგი ჩემი მერაბი დაბრუნდა ომიდან ჯანმრთელი”.

ბებოს სოფელი არ დაუტოვებია, რადგან ფიქრობდა, რომ იქ დარჩენით საკუთარ კარ-მიდამოს მეტად დაიცავდა. 

“ერთხელ, გვითხეს კაზაკები მოდიანო. ძალიან შეგვეშინდა მაშინ, მთელი სოფელი შეძრული იყო. ჩქარა დატოვეთ სოფელიო, თორემ მოდიანო და შეურაცხყობას აყენებენ ხალხს და სახლებს წვავენო. მაგრამ ჩვენ არ წავედით სოფლიდან. ბაღში წავედით და მალევე, ერთი-ორი საათის შემდეგ დავბრუნდით სახლში”, – ბებომ კიდევ ერთხელ მიამბო ეს ისტორია. 

ბავშვობის ოცნებაზე, ომზე და სიბერეზე საუბრის შემდეგ, ვკითხე, რა უნდა, რომ მისგან მისმა შვილიშვილებმა ვისწავლოთ, რაზეც დაუფიქრებლად მიპასუხა, – სიკეთე და სიმართლის სიყვარულიო,  ეგაა ყველაზე მნიშვნელოვანიო, ეგ უნდა ისწავლოს ყველამო. 


მასალა მომზადებულია პროექტის “ქალები და ოკუპაცია” ფარგლებში. პროექტს “მოზაიკა” შვედური ორგანიზაციის “სამოქალაქო უფლებების დამცველები” დაფინანსებით ახორციელებს. მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორებს და შესაძლოა, არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის პოზიციებს. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.