ახალი ამბები

ნიქოზი-თბილისის მიმართულების მატარებლის ლიანდაგებს ჯართში აბარებენ, ამბობს ოპოზიცია

ნიქოზი – თბილისის მიმართულებით მატარებლის ლიანდაგები იძარცვება და მას ჯართში აბარებენ, – ამის შესახებ გორის საკრებულოს ოპოზიციონერმა წევრმა სოციალური ქსელში, ლაივ რეჟმში ისაუბრა, სადაც  ის ადგილზე მივიდა და ნფრასტრუქტურა დაათვალიერა.

ბექა ქორჩილავას თქმით, აღნიშნული მატარებლით პანდემიის დაწყებამდე 4 სოფლის მოსახლეობა სარგებლობდა, ამ ხაზის გაუქმების მიზეზი კი პანდემიის დაწყება გახდა.

“კოვიდ პანდემიის დროს მმართველმა გუნდმა გააჩერა მიმოსვლა, რომ თურმე პანდემია იყო და მატარებლით გადაადგილება არ შეიძლებოდა, მაგრამ პანდემიის დასრულების შემდეგ აღნიშნული მიმოსვლა, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი მოსახლეობისთვის, აღარ დაწყებულა და დღემდე არის შეჩერებული. ამ ტრანსპორტით შინდისის, ფხვენისის, ქვემო ხვითის და ნიქოზის მოსახლეობა სარგებლობდა, ეს ადამიანები მატარებელს, იაფი გადაადგილების საშუალების გარდა, მოყვანილი ხილის რეალიზებისთვის იყენებდა და აქედან მიჰქონდათ თბილისში გასაყიდად, მატარებლით სარგებლობდნენ სტუდენტებიც”, – ამბობს ქორჩილავა.

ქორჩილავას თქმით, ლიანდაგები იძარცვება, რომელსაც ჯართში აბარებენ.

“დღეს რკინიგზის ამ მონაკვეთზე არის ჯაგნარი. პრაქტიკულად მილიონობის ინფრასტრუქტურა არის მიტოვებული. აქ მიმოსვლა არის შეუძლებელი. შეგვიძლია ვნახოთ, როგორ არის გაძარცვული, რომელსაც როგორც ვიცი, ჯართში აბარებენ. მაშინ, როცა “ქართული ოცნება” მიმოსვლას აწარმოებს რუსეთთან და ცდილობს მას მიგვაბას, უკვე არსებულ ინფრასტრუქტურას ანადგურებს და არ ითვალისწინებს მოსახლეობის ინტერესს”, – აღნიშნავს ქორჩილავა.

ბექა ქორჩილავას თქმით, მოსახლეობამ ნიქოზი-თბილისის მატარებლის აღდგენა არაერთხელ სთხოვა ადგილობრივ ხელისუფლებას, თუმცა ისინი ხან პირდებიან, რომ აღადგენენ, ხან მიზეზად ასახელებენ, რომ ეს პრიორიტეტი აღარ არის და მატარებლით აღარავინ სარგებლობს.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.