ადამიანები ისტორიები

თათია ჩილინდრიშვილი – 16 წლის თვითნასწავლი მხატვარი ბრეთის მეურნეობიდან

“გვიან ღამით, როდესაც თითქმის ყველა სძინავს, იბადება ჩემი ნამუშევრები”.

მე-11 კლასის მოსწავლე თათია ჩილინდრიშვილი ნახატებს ზეთით, ფანქრით, აკვარელით, გუაშით და ნახშირით ქმნის. თათიას განსაკუთრებით ნატურმორტების ხატვა მოსწონს.

16 წლის მხატვარი ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბრეთის მეურნეობაში ცხოვრობს და ამავე სკოლაში სწავლობს. ამბობს, რომ გადატვირთული სასწავლო გრაფიკის მიუხედავად, ხატვას დიდ დროს უთმობს. ხატვის პროცესში მისთვის აუცილებელია მუსიკა და კარგი განწყობა.

“ჩემი ნამუშევრები ჩემს ოთახში იქმნება, ისინი ჩემს განწყობებს გამოხატავენ. ჯერ სამხატვრო სივრცე მოწყობილი არ მაქვს. ნატურმორტებისატვა განსაკუთრებით მიყვარს, მაგრამ პორტრეტებრბი და პეიზაჟებიც არანაკლებ მომწონს და ვხატავ. ნამუშევრები ბევრი მაქვს. ერთ-ერთს გამოვარჩევდი, ,,pain” ასე დავარქვი. მიყვარს ისეთი პორტრეტების ხატვა, სადაც ხასიათი კარგად ჩანს, სწორედ ასეთია ეს ნახატიც”.

თათია ამბობს, რომ ნამუშევრების პირველი შემფასებელი და გულშემტკივარი დედაა.

 “ხატვით პატარაობიდან დაინტერესებული ვარ. ოჯახში დედა ხატავს მოყვარულის დონეზე. აღმოჩენით ალბათ ყველა ამჩნევდა, რომ ხატვა მიყვარდა. ძირითადად ფერწერულ და გრაფიკულ ნამუშევრებს ვქმნიდი. ახლა ვმუშაობ ფანქრით, ნახშირით, ზეთით, აკვარელით და გუაშით”.

თათია ამბობს, რომ შთაგონება მუშაობის პროცესში მოსდის.

“მუზები ძირითადად საღამოს მოდიან, კედელზე მიყუდებულ მოლბერტზე პირველ შტრიხებს ვასვამ და იწყება ჯადოსნური პროცესი, რომელიც ისე გიტაცებს, დროს და სივრცეს ვეღარ ხვდები და მხოლოდ მაშინ ბრუნდები, როდესაც ასრულებ. შესაძლებელია საბოლოო ნამუშევარი სულაც არ გამოვიდეს ის, რასაც საწყის ეტაპზე ვფიქრობდი, ამას მუშაობის პროცესში ცვლი, რაღაცას ამატებ, ან აკლებ, ეს სრულად ხელოვანზეა, რას და როგორ გამოიყვანს”.

თათია სურვილია საკუთარი სახელოსნო ჰქონდეს, სადაც საშუალება ექნება კიდევ უფრო ბევრი და საინტერესო ნამუშევარი შექმნას.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.