სტატიები

აგარაში საავადმყოფოს აღდგენას ითხოვენ

ადგილობრივები წუხან, რომ მათ სიახლოვეს საავადმყოფო არაა და სამედიცინო სერვისების მისაღებად, ქარელში სიარული უწევთ. 

“აუცილებელია, რომ იყოს გამართული სამედიცინო დაწესებულება, რომელსაც საჭირო სამედიცინო დანადგარები ექნება და აღარ დაგვჭირდება ყველაფერზე ქარელში სიარული”, – გვეუბნება ნანა კანთელაშვილი.

იმავეს ამბობს კიდევ ერთი ადგილობრივი ლელა ბერძენიშვილი, რომელიც ჯანრთელობის მდგომარეობის გამო, რეგულარულად ქარელში სიარული არ შეუძლია. 

“ახლაც სისხლის ანალიზის გაკეთება მინდა ქოლესტერინი მაქვს მაღალი და ვერ მივდივარ, ისე ცუდად ვარ. ამბულატორიაში კი მხოლოდ წნევა შეიძლება გაგიზომონ. ის მოსახლეობის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს”, – ამბობს ბერძენიშვილი.

როგორც “მოზაიკას” უთხრეს, წლების წინ აგარაში საავადმყოფო ფუნქციონირებდა, რომლითაც მიმდებარე სოფლების მოსახლეობა აქტიურად სარგებლობდა.

“აგარაში 90-იან წლებში რეგიონში პირველი საავადმყოფო იყო, სადაც შეგეძლო სხვადასხვა მომსახურებით რომ გესარგებლათ. სამშობიარო, თერაპია, ქირურგიული განყოფილებები იყო და ყველა სახის ოპერაციები კეთდებოდა. შემდეგ დაინგრა ყველაფერი”, – იხსენებს იზოლდა ყანდორინაშვილი, აგარის ამბულატორიის ექთანი.

იზოლდას მსგავსად, ახლა აგარაში მოქმედ ამბულატორიაში მხოლოდ ოჯახის ექიმები მუშაობენ. თანამედროვე სტანდარტების მქონე საავადმყოფოს გახსნის საჭიროებას ისინიც ხედავენ, თუმცა საბიუჯეტო თანხებით ამის გაკეთების იმედი არ აქვთ. 

“ამჟამად მხოლოდ ამბულატორიაა დარჩენილი და ოჯახის ექიმები ვართ მხოლოდ. საავადმყოფო რომ გაკეთდეს, ეს დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. ვფიქრობ,რომ კერძო ინვესტორია საჭირო, სახელმწიფომ არა მგონია ამხელა ხარჯები გასწიოს”, – გვითხრა დათო ზედგენიძემ ამბულატორიის ოჯახის ექიმმა.

იქამდე, სანამ სახელმწიფო აგარაში საავადმყოფოს აღდგენის საკითხზე მუშაობას დაიწყებს, სამედიცინო სერვისების მისაღებად ადგილობრივებს სიარული კვლავ აგარაში მოუწევთ.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი