სტატიები

ხაშურის მერიის ა(ა)იპ-ში თანამშრომლებს 280 ლარს უხდიან – შენიშვნები და მერის პასუხი

ჩვენ ჯერ არ ვართ ეკონომიკურად ძლიერი სახელმწიფო – ასე პასუხობს ხაშურის მერი იმ მოქალაქეებს, რომლებიც საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებული ადამიანების დაბალ ანაზღაურებაზე საუბრობენ. 

ამჯერად საუბარია ხაშურის მერიის ერთ-ერთი ა(ა)იპ-ის, საბიბლიოთეკო გაერთიანების იმ თანამშრომლებზე, რომელთა ხელფასიც 280 ლარია. ეს თანხა 24 ლარით არემატება საარსებო მინიმუმისთვის დადგენილი თანხის ოდენობას და 20 ლარით – ასაკობრივ პენსიას. 

“ხაშურის ბიბლიოთეკის რიგითი თანამშრომლის ხელფასი დღეს მხოლოდ 280 ლარს შეადგენს. ეს მაშინ, როცა ქვეყანაში საარსებო მინიმუმი, საქსტატის ოფიციალური მონაცემებით, 256 ლარია, რაც შეეხება პენსიას, იგი 2022 წლის მიხედვით, 70 წლამდე ასაკის მოქალაქეებისთვის 260 ლარია, ხოლო 70 წელს ზემოთ მყოფი პირებისთვის 300 ლარი. მაშასადამე, ხაშურელი ბიბლიოთეკარების ხელფასს არსებობის დანიშნულება აქვს და რთულია ამ რაოდენობის ანაზღაურებით სრულფასოვანი ცხოვრება შეძლო. ის პენსიის მოცულობასაც კი ჩამორჩება”, – წერს ხაშურის ადგილობრივი გამოცემა “ხაშური NEWS” და იქვე აღნიშნავს, რომ ა(ა)იპ-ის ახალი უფროსის საზრუნავი სწორედ სახელფასო პოლიტიკის ცვლილება უნდა იყოს.

ამ საკითხზე კომენტირებისას, ა(ა)იპ-ის ახალმა დირექტორმა, კლარა გელაშვილმა გვითხრა:

“ეს არის გლობალური პრობლემა და არ ვფიქრობ, რომ ხაშურის მერიამ ჩვენი ბიბლიოთეკარები დაჩაგრა ამით. ეს საკითხი გლობალურადაა მოსაგვარებელი.”

რაც შეეხება ხაშურის მერს, თენგიზ ჩიტიაშვილს იმედი აქვს, რომ გარკვეული დროის მერე ყველას ექნება ღირსეული ხელფასი. 

“ბიბლიოთეკის თანამშრომლებს ყოველწლიურად ემატებათ ხელფასი 10% ოდენობით. მათ წელსაც მოემატათ და შარშანაც. მესმის, რომ მცირე ეს 280 ლარი, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ ჯერ არ ვართ ეკონომიკურად ძლიერი სახელმწიფო, მაგრამ მივდივართ მანდეთკენ და ამაზე მიდის ფიქრი და ზრუნვა და დარწმუნებული ვარ, რომ რამდენიმე ხნის შემდეგ ყველას ექნება ღირსეული ხელფასი”, – განაცხადა თენგიზ ჩიტიაშვილი.

როგორც “მოზაიკამ” გაარკვია, ხაშურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში საბიბლიოთეკო გაერთიანებისთვის გამოყოფილი თანხა 204 410 ლარს შეადგენს, აქედან 153 000 ლარი კი სახელფასო ანაზღაურებისთვის არის გამოყოფილი. მიუხედავად იმისა, რომ ა(ა)იპ-ის ბიუჯეტის 70%-მდე ხელფასებზე იხარჯება, შრომითი ანაზღაურება მაინც დაბალი რჩება. მოქალაქეთა ნაწილი ფიქრობს, რომ ეს არასწორი საკადრო პოლიტიკის და მენეჯმენტის შედეგია. 

დატოვეთ კომენტარი