სტატიები

რა პრობლემებია კასპის მუნიციპალიტეტის სოფლებში და რას აპირებს ხელისუფლება 

სოფლები სკოლის, ბაღის, ამბულატორიის, სასმელი წყლისა გზის გარეშე – კასპის მუნიციპალიტეტის სოფლებში არსებულ ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე მოქალაქეები საუბრობენ. ისინი ადგილობრივ ხელისუფლებას მოსაგვარებელი საკითხებით დაინტერსებას სთხოვენ.  ხელისუფლება კი ამბობს, რომ პრობლემებს ეტაპობრივად მოაგვარებს. 

ერთ-ერთი სოფელი, სადაც არც ბუნებრივი აირია და არც გზა, ნოსტეა. ადგილობრივები ამბობენ, რომ წლებია ხელისუფლებას მათ სოფელში არაფერი გაუკეთებია. 

“ნოსტეშიც რომ გააკეთოთ რამე, კარგი იქნება. არც სკოლაა, არც ბაღი, არც ამბულატორია, არც გაზი. სტადიონით მაინც დაიწყეთ”,  – წერს ირინა მიხაილოვი 

აღნიშნული სოფელი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალციხის ადმინისტრაციულ ერთეულში შედის. კასპის მერიის ინფორმაციით, აღნიშნულ სოფლებში  ბუნებრივი აირის შესაყვანად პროექტის შედგენა 2024 წელს დაიწყება. რაც შეეხება სოფელ ნოსტეს, მიმდინარე წელს სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში, პრიორიტეტულ პროექტად ერთ უბანში საუბნო სასმელი წყლის მოწყობა შეირჩა. 

“გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ინფორმაციით, 2024 წელს მოამზადებს სოფელ ახალციხეს, ნოსტეს მთიულთუბნის და ერთაწმინდის საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციას და შესაბამისად სამუშაოებიც დაიწყება“, – განმარტეს მერიაში. 

ხელისიფლების უყურადღებობას უჩივიან სოფელ მირიანში და ფერმაშიც. 

“ყველგან რაღაც გაკეთდა, სოფელ მირიანში კი არაფერი, ორი წელია. თუ გაკეთდება ნეტა რამე? “, – კითხულობს სოფო მოდრეკილაძე 

“ნუთუ, სოფელ ფერმას არ გამოეყო არასდროს თანხა, რომ ელემენტარულად გზა გაკეთდეს, თუ არ ეკუთვნის კასპს?”,  – წერს ანა მარღიშვილი.

კასპის მერიაში განმარტავენ, რომ სოფლებში მისასვლელი გზა ეტაპობრივად იგება. ასევე დაგეგმილია საბავშვო ბაღისა და სკოლის მშენებლობა. 

“ჯერ ყველა სოფელში მისასვლელი გზები იგება, შემდეგ შიდა გზები მოეწყობა. ყველგან გაკეთდება ეტაპობრივად, წელს ფერმაში ახალი საბავშვო ბაღი შენდება და ახალი სკოლაც”,  – განმარტავენ უწყებაში. 

ინფორმაციისთვის, კასპის მუნიციპალიტეტის სოფლებში სოფლის მხადრამჭერი პროგრამის ფარგლებში სხვადასხვა პროექტები შეირჩა, თუმცა მოსახლოების ნაწილის აზრით, ამ შემთხვევაში პრიორიტეტები არასწორად გადანაწილდა და ისეთი პროექტებისთვის გამოიყო თანხა, რომლის მოგვარებაც მოსახლეობის დიდ ნაწილს არ უთხოვია. 

ამავე თემაზე: სოფლის პრიორიტეტად, სადაც წყალი და გაზი არ არის, სასაფლაოს შემოღობვა განისაზღვრა

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.