სტატიები

გადამზადება და ტექნიკის შეძენა – როგორ აპირებს ხაშურის მერია შშმ პირების გაძლიერებას

ხაშურის მერიამ შშმ პირების უფლებების დაცვის 2023 წლის სამოქმედო გეგმა შეიმუშავა, რომელიც საკრებულოს მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა წარუდგინა.

დავით კიკნაძის თქმით, მერიის მთავარი პრიორიტეტი მუნიციპალიტეტში ადაპტირებული გარემოს შექმნაა. 

“გეგმა ითვალისწინებს იმ საკითხების გადაწყვეტას, რომელიც კანომდებლობაში შესული ცვლილებით უკვე სავალდებულო ხდება. კერძოდ, შენობების პროექტირების დროს ადაპტირებული გარემოს შექმნას. ჩვენ დღეის მონაცემებით გვაქვს მერიის ბალანსზე არსებული შენობა ნაგებობები, სადაც პანდუსები ჯერ კიდევ არაა მოწყობილი და ვერ აკმაყოფილებს თანმედროვე სტანდარტებს”, – აღნიშნა კიკნაძემ. 

მისივე თქმით, სამოქმედო გეგმის ნაწილად რჩება ხაშურის #2 საჯარო სკოლის ბაზაზე არსებული შშმ პირების დღის ცენტრის დაფინანსება.

“ასევე, გაგრძელდება ხაშურში არსებულ “მომავლის სახლთან” თანამშრომლობაც. საქმე ეხება 6-დან 18 წლამდე შშმ პირების დაფინანსებას თვეში 50 ლარით და წელიწადში 4 800 ლარით, რითაც ხელი გვინდა შევუწყოთ მათ საზოგადოებაში კიდევ უფრო ადაპტირებას”. 

კიკნაძის თქმით, ადგილობრივი ხელისუფლება  შშმ პირებს პროფესიული უნარების განვითარებაშიც დაეხმარება. 

“ჩვენი გეგმის ნაწილია შშმ პირების პროფესიული გადამზადება. ამ მხრივ ვთანამშრომლობთ პროფესიულ კოლეჯთან, რომელიც ფუნქციონირებას სექტემბრიდან დაიწყებს და სურვილის შესაბამისად, ჩვენ შშმ პირებს ტრანსპორტირების ხარჯებს დავუფინანსებთ. ამისთვის ბიუჯეტში 4 000 ლარი გვაქვს გათვალისწინებული”.

როგორც კიკნაძემ თქვა, მერიას 6 000 ლარი აქვს გამოყოფილი შშმ პირებისთვის სხვადასხვა ტექნიკის შესაძენად. 

“ეს იქნება საკერავი მანქანა თუ სხვა. ეს არ არის მუდმივ მოქმედი გეგმა საჭიროების შემთხვევაში იგი განახლდება.”

ინფორმაციისთვის, ხაშურის მერიამ შშმ პირების დასაქმების ხელშეწყობის პროგრამაზე მუშაობა გასულ წელს დაიწყო და როგორც განმარტავენ, მისი განხორციელებისთვის წელს 10 000 ლარს დახარჯავენ.  

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი