სტატიები

უფასო წრეები და დაბალი ხელფასები  – რა შეიცვლება ხაშურის სასპორტო სკოლაში

ხაშურის საკრებულოს წევრების ნაწილი ფიქრობს, რომ სპორტის მუნიციპალური წრეები ფასიანი უნდა გახდეს. ამ საკითხზე დეპუტატებმა საკრებულოს იმ სხდომაზე იმსჯელეს, სადაც პარტიამ “საქართველოსთვის” სპორტული მწვრთნელების სახელფასო ანაზღაურებაზე ისაუბრა. 

“სასპორტო სკოლებში მწვრთნელების ხელფასი 190 ლარიდან იწყება და ყველაზე უმაღლესი ხელფასი, მედლების და სხვა მიღწევების გამო, არის 426 ლარი”, – განაცხადა შოთა კურტანიძემ.

ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, სახელფასო ანაზღაურება მწვრთნელების შრომის შეუსაბამოა. 

“ეს არის კატასტროფა იმ ფონზე, რომ ერთი მწვრთნელი ემსახურება დაახლოვებით 200 ბავშვს, ეს ბავშვები სპორტის სხვადასხვა სახეობას ამ სკოლებში უფასოდ ეუფლებიან”.

ხაშურის მერიის მიერ დაფუძნებულ ა(ა)იპ-ში, კომპლექსურ სასპორტო სკოლაში ამ დროისთვის სპორტის სხვადასხვა წრეები ფუნქციონირებს. როგორც “მოზაიკამ” გაარკვია, ა(ა)იპ-ის მწვრთნელებს შორის არიან 25-წლიანი სამუშაო გამოცდილების მქონე თანამშრომლებიც, რომლებიც საკუთარი ანაზღაურებით უკმაყოფილოები არიან. 

““სპორტსკოლაში დავიწყე მუშაობა 1997 წელს  და 40 ლარი მქონდა ხელფასი. გავიდა 25 წელი და 350 ლარს ვიღებ ხელზე. გამოდის, რომ ამ 25 წლის განმავლობაში, წელიწადში 10 ლარიც არ მოგვმატებია. ვიტყვი ხოლმე, რომ ნაადრევად გაგვიშვეს პენსიაში”, – უთხრა “მოზაიკას” ერთ-ერთმა მწვრთნელმა. 

თუმცა მწვრთნელების ნაწილი, სპორტულ წრეებზე მოსწავლეებისთვის გადასახის დაწესებას არ ემხრობა. ეს ფაქტი საკრებულოს სხდომაზე ოპოზიონერმა დეპუტატმაც აღნიშნა.

“როდესაც ვთქვი, რომ ბავშვებისთვის რამე გადასხადი დაგვეწესებინა, თუნდაც 10 ლარი,  მწვრთნელები შეშფოთდნენ და თქვეს, რომ ჩვენ რომ მათ გადასახადი მოვთხოვოთ, აქ აღარავინ არ ივლისო, ზოგი სოციალურად დაუცველია და მათ ამ თანხის გადახდის საშუალება არ ექნებათო”, – აღნიშნა კურტანიძემ. 

მწვრთნელების ანაზღაურების გაზრდის საჭიროებას ხედავს საკრებულოს თავმჯდომარეც. როგორც ნინო ლიპარტელიანი ამბობს, აუცილებელია, რომ მუნიციპალურმა ა(ა)იპ-ებმა ადგილობრივი ბიუჯეტის გარდა, შემოსავლის სხვა წყაროებიც გაიჩინონ. 

“უნდა აღვნიშნო, რომ ეს თემები გადასახედია და სამსჯელოა. მოვიწვიოთ შემდეგ სხდომაზე იმ სპორტსკოლის მწვრთნელები, ვინც ამ პრობლემების წინაშე დგანან, ასევე სპორტსმენები და მშობლები. მსჯელობის დროს გამოიკვეთება ყველა საკითხი”, – აღნიშნა ნინო ლიპარტელიანმა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.