ახალი ამბები

“ჩამხერგავი ბორდიური თვითნებურად გადაადგილეს” – ავარიული ხიდით მოსახლეობა მაინც სარგებლობს 

ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, სოფელ ხალებთან დამაკავშირებელი ხიდზე გადაადგილების აკრძალვის მიუხედავად, მოსახლეობამ ხიდის დასაწყიში არსებული ხელოვნური ბარიერი თვითნებურად გადასწია და ხიდით სარგებლობას აგრძელებს. 

ხაშურის მერია მოსახლეობას მოუწოდებს, რომ არ ისარგებლონ აღნიშნული ხიდით მანამდე, სადან არ მოხდება მისი რეაბილიტაცია. უწყებამ ამის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე დღის წინაც გაავრცელა, რის მიხედვითაც აღნიშნული ხიდი ავარიულია და  მასზე გადაადგილება საფრთხეს წარმოადგენს.

“მუნიციპალიტეტმა ხიდთან გამოაკრა გამაფრთხილებელი განცხადება და მეტი უსაფრთხოებისთვის მისასვლელი გზა ბეტონის ბორდიურით ჩახერგა. ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ მოხდა ჩამხერგავი ბორდიურის თვითნებური გადაადგილება, რაც მაღალი ალბათობით გულისხმობს, რომ გარკვეული პირები აგრძელებენ ხიდით სარგებლობას, რაც უდიდეს საფრთხესთანაა დაკავშირებული. მუნიციპალიტეტის მერია აუცილებლად მიიჩნევს ერთხელ კიდევ განმარტოს, რომ ხიდზე შესასვლელი ბორდიურით ჩახერგილია კონკრეტული მიზნით – რათა არ მოხდეს ხიდზე მოქალაქეების, ავტომობილების, პირუტყვის გადაადგილება, რაც უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს მათი სიცოცხლისთვის”, – აცხადებენ მერიაში.

ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია მოქალაქეებს მოუწოდებს, ისარგებლონ შემოვლითი გზით, სოფელ თაგვეთისა და ხცისის მხრიდან. 

დატოვეთ კომენტარი