ახალი ამბები

რიკოთის უღელტეხილი ისევ ჩაკეტილია – რა ხდება ადგილზე 

რიკოთის უღელტეხილი ისევ ჩაკეტილია და ხელისუფლება გზის გახსნის თარიღს ჯერ ისევ ვერ ასახელებს.

პოლიცია მძღოლებს გადადგილების ალტერნატიულ საშუალებად საჩხერე-ჭიათურის მონაკვეთს სთავაზობს, სადაც საცობებია და ხშირია საგზაო შემთხვევები.საპატრულო პოლიციას გზა სურამსა და ჩუმათელეთში აქვს გადაკეტილი და აღმოსავლეთიდან დასავლეთ საქართველოში მიმავალ მძღოლებს მოუწოდებენ, რომ ალტერნატიული გზით ისარგებლონ.

ჩუმათელეთში დღეს “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელები ჩავიდნენ. ვასილ ურუშაძე და ლაშა ფარულავა ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე საუბრობენ და ინფრასტრუქტურის მინისტრის გადადგომას მოითხოვენ.

“თითქმის ერთი კვირაა საქართველოს აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალი, რომელიც არის საერთაშორისო ფუნქციის მატარებელი და დღევანდელი შექმნილი გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, განსაკუთრებული სტრატეგიული მნიშვნელობის სატრანსპორტო დერეფანი, ინფრასტრუქტურის მინისტრის და მისი მენეჯმენტის დაუდევრობის გამო, არის პარალიზებული. ადგილი ჰქონდა დაუდევრობას და პასუხისმგებელი ამ ყველაფერზე არის ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, რომელმაც უნდა დატოვოს თანამდებობა და შესაბამისმა საგამოძიებო უწყებებმა უნდა დაიწყონ მოკვლევა, იმიტომ, რომ საქმე გვაქვს განსაკუთრებით დიდი ოდენობით საბიუჯეტო რესურსის არამიზნობრივ ხარჯვასთან”, – თქვა ენმ-ს წარმომადგენელმა ვასო ურუშაძემ. 

რიკოთის უღელტეხილზე ახლა გეოლოგები მუშაობენ, უღელტეხილი თითქმის ერთი კვირაა ჩაკეტილია.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.