ადამიანები ისტორიები

პუბლიცისტი, ლიტერატორი და პოეტი, როემლიც ღირსების ორდენით არის დაჯილდოებული – მურად მთვარელიძის ამბავი

“ერთხელ მიღებული ცოდნით არასდროს უნდა შეხვიდე ლექციაზე, ის უნდა იყოს თანამედროვე”, – ამბობს პოეტი, პუბლიცისტი და ქართული ფილოლოგიის დოქტორი მურად მთვარელიძე.

მურად მთვარელიძე ხაშურში დაიბადა და გაიზარდა. სწავლა კი გორის პედაგოგიურ ინსტიტუტში გააგძელა. გვიყვება, რომ სკოლის ასაკში უკვე იცოდა, რა პროფესიას აირჩევდა. ამ გადაწყვეტილებაში დიდ როლს პედაგოგს აკისრებს.

“სკოლაში ქართულის მასწავლებელი კაცი მყავდა, მე -7 კლასში შემოვიდა და გაგვყვა ბოლომდე. მე მერვე კლასში უკვე ვიცოდი, რომ ფილოლოგი ვიქნებოდი. ამ ადამიანმა უდიდესი როლი ითამაშა, რომ მე  ეს პროფესია ავირჩიე. შემდეგ იყო ჩემი კათედრის გამგე, რომელმაც პირველი საგამოცდო ნაწერიდან იცოდა ჩემი გვარი. როდესაც სტუდენტი გავხდი, პირველი კურსიდან, როგორც მამამ მომკიდა ხელი და მეცნიერებაში მიწინამძღვრა, ეს იყო დავით თევზაძე”, – გვიყვება მთვარელიძე.

მთვარელიძე ხაშურის მხარეთმცოდნეონის მუზეუმში სამეცნიერო მიმართულებით მუშაობს. 2015 წლიდან მისი ჩართულობით დაწესდა ხაშურის სამუზეუმო გაერთიანების სამეცნიერო კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობას ქვეყნის მასშტაბით მომუშავე მეცნიერები იღებენ.

“კონფერენცია ტარდება წლის ბოლოს და მასში მონაწილეობას იღებენ, ჩვენი ქვეყნის მასშტაბით მომუშავე მეცნიერები, მკვლევარები, მხარეთმცოდნეები. ამ ღონისძიებას ვუძღვნით ხოლმე იმ დიდ მოღვაწეებს, რომელთა მრგვალი თარიღიც არის. იყო აკაკი, გოგებაშვილი, ნიკო, რუსთაველი და ასე შემდეგ. უკანასკნელი კონფერენცია ცნობილ არქეოლოგს ალექსანდრე ფარნიშვილს მიეძღვნა, რომელმაც მუზეუმს გადასცა მისმიერ მოპოვებული 80 000- მდე ექსპონატი”, – ამბობს ის.

მთვარელიძემ ლიტერატურული მოღვაწეობა გასული საუკუნის 70-იანი წლების მეორე ნახევრიდან დაიწყო. მისი ლექსები იბეჭდებოდა ალმანახებსა და ჟურნალებში: “პირველი სხივი”, “სათავე”, “ცისკარი” და სხვა. 

“პირველი ლექსი სკოლის პერიოდში დავწერე. მახსოვს მზის დაბნელებაზე იყო,.ალბათ იმდენად ჩამებეჭდა ეს მოვლენა, რომ ლექსი მივუძღვენი. ამ ასაკში დაწერილი არცერთი ლექსი სამწუხაროდ არ მახსოვს, არც ვარქმევ ლექსებს, ეს უბრალო იმპულსები იყო. რაც შეეხება პუბლიკაციებს, ეს სტუდენტობის დროს დაიწყო”, – იხსენებს მთვარელიძე.

2011 წელს ის მონაწილეობდა იუნესკოს ხელოვნების, ლიტერატურის და მეცნიერების კლუბის II საერთაშორისო ლიტერატურულ კონგრესში საბერძნეთის რესპუბლიკის ქალაქ ატალანტში. მისი ნაწერები თარგმნილია უკრაინულ, ინგლისურ, სომხურ, ბერძნულ ენებზე. 1986 წელს დაიცვა საკანდიდატო, ხოლო 1997 წელს – სადოქტორო დისერტაცია. 

“40-ზე მეტი წიგნი მაქვს დაბეჭდილი, ეს არის როგორც პოეზია ასევე პროზა და სამეცნიერო ნაშრომები. ახლა გამოსაცემად გამზადებული მაქვს 5 წიგნი, რომელიც ამ წელში გამოვა. რთულია ეს პროფესია, რადგან სულ განვითარებაზე ხარ ორიენტირებული. ერთხელ მიღებული ცოდნით არასდროს არ უნდა შეხვიდე ლექციაზე. შენი ლექცია უნდა იყოს თანამედროვე. თუ გინდა რომ საინტერესო იყო ახალგაზრდებისთვის,  უნდა დახარჯო დიდი დრო, რომ აუწყო ფეხი ამ თანამედროვეობას, ისაუბრო ისე, რომ ახალგაზრდას გაუჩნდეს მოსმენის სურვილი”, – ამობს მთვარელიძე.

მურად მთვარელიძის ბიოგრაფია მოიცავს სხვადასხვა ჯოლდოებს და პრემიებს. ის არის ხაშურის საპატიო მოქალაქე, აქვს აკაკი წერეთლის სახელობის პრემია, დიმიტრი ყიფიანის და იაკობ გოგებაშვილის სახელობის მედალი დაასევე არის ღირსების ორდენის მფლობელი.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.