სტატიები

ხაშურს მრავალი წლის შემდეგ, სასმელი წყალი უცხოური დაფინანსების წყალობით ექნება 

“ევროკავშირმა და საფრანგეთის განვითარების სააგენტომ (AFD) მნიშვნელოვანი პროექტი დაიწყეს ხაშურის წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემების გაუმჯობესებისათვის”, – წერდა ტვიტერზე 2021 წელს ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი. 

სასმელი წყლის სისტემის მოწყობის მასშტაბური პროექტის დაწყებას რამდენიმე წელია ადგილობრივი ხელისუფლება ხაშურელებს ჰპირდება.

პირველად აღნიშნული დაპირება წინასაარჩევნო პროგრამაშიც კი შეიტანეს და მოსახლეობას აცნობეს, რომ პროექტის განხორციელება 2021 წელს დაიწყებოდა. 

აღნიშნული დაპირებიდან რამდენიმე წლის შემდეგ, წყლის სისტემისა და წყალარინების პროექტი არათუ არ დასრულებულა, დაწყებულიც არ არის, თუმცა ხაშურის მერია ამბობს, რომ კონტრაქტორ კომპანიასთან, რომელიც საერთაშორისო ტენდერით შეირჩა ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია და სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება. 

აღნიშნული პროექტი ევროკავშირისა და საფრანგეთის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდება, საიდანაც ევროკავშირი 7,55 მლნ ევროს, ხოლო საფრანგეთის მთავრობა 58 მლნ ევროს დახარჯავს.

“პროექტი საფრანგეთის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით ხორციელდება და წყალმომარაგების ქსელისა და ქალაქის ცენტრალურ ნაწილში წყალარინების სისტემის რეაბილიტაცია-მშენებლობას ითვალისწინებს. ხელშეკრულების ღირებულება 146 მლნ. ლარს შეადგენს”, – ნათქვამია ხაშურის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

მერიის ცნობით, წყალმომარაგების მიმართულებით სამუშაოების დასრულება დაგეგმილია 2025 წლის ბოლოს, რის შემდეგ ხაშურის 24 000 ბენეფიციარი ისარგებლებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი 24 საათიანი წყალმომარაგებით.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.