სტატიები

ქარელის მერს ან დასმული კითხვიდან აზრი ვერ გამოაქვს ან ბიუჯეტის ხარჯებს მალავს

ქარელის მერს ან დასმული კითხვიდან აზრი ვერ გამოაქვს ან ბიუჯეტის ხარჯებს მალავს. ამის დასტურია “მოზაიკას” მიერ გამოთხოვილ საჯარო ინფორმაციაზე მიღებული წერილობითი პასუხი, რომელსაც ხელს ქარელის მერი ზაზა გულიაშვილი აწერს. 

კერძოდ, როგორც ცნობილია ქარელის მერიამ წინასაახწლოდ საკუთარ თანამშრომლებზე ფულადი ჯილდოები გასცა, თუმცა არც ჯილდოს ოდენობა და არც ჯილდოს გაცემის კრიტერიუმები არ დაუსახელებია. 

ამის გარკვევის მიზნით, “მოზაიკამ” კანონის შესაბამისად, უწყებისგან საჯარო ინფორმაცია ჯერ იანვარში, ხოლო არასრული ინფორმაციის მოწოდების შემდეგ, თებერვალშიც გამოითხოვა. 

გთავაზობთ მერიასთან გაგზავნილი წერილების და მიღებული პასუხების ასლებს, სადაც ჩანს, რომ უწყება არც ერთ დასმულ შეკითხვას სრულყოფილად არ პასუხობს. 

როგორც დოკუმენტებიდან ჩანს:

  1. კითხვაზე, თუ რა ოდენობის თანხა გასცეს ფულადი ჯილდოების სახით, მერია თანხის დასახელების ნაცვლად, ჯილდოს მიმღებ პირთა ოდენობას ასახელებს.
  2. ჯილდოს მიმღებ პირთა თანამდებობების ჩამონათვალის მოწოდების პასუხად კი, მერია ამბობს, რომ კონკრეტულ პირებს ვერ დაასახელებს. 
  3. ჯილდოს გაცემის კრიტერიუმების დეტალურად ახსნის ნაცვლად, მერია ამბობს, რომ 112-ვე თანამშრომელს ჯილდო ერთი ნიშნით, უფლება-მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებისათვის მისცა. 
  4. თანამდებობის პირთა ხელფასების შესახებ, “საკანონმდებლო მაცნეზე” განთავსებული შესაბამისი ინფორმაციის ბმულის მოთხოვნის პასუხად კი, მერია გვპასუხობს, რომ ინფორმაციას ვნახავთ “საკანონმდებლო მაცნეზე”, თუმცა არ გვიზიარებს შესაბამის ბმულს. 

აღსანიშნავია, რომ იგივე კითხვებით “მოზაიკამ” მერიას იანვარშიც მიმართა, თუმცა მაშინ უწყებამ წერილში ჩამოთვლილ კითხვების უმრავლესობას საერთოდ არ უპასუხა, მიზეზად კი ტექნიკური ხარვეზი დაასახალა. 

“მოზაიკა” კითხვებსა და პასუხებს შორის აცდენაზე ქარელის მერიის საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელ პირსაც დაუკავშირდა, რომელმაც გვითხრა, რომ ის ინფორმაცია მოგვაწოდა, რაც შეეძლო. 

შეგახსენებთ, რომ ჯილდოებთან დაკავშირებით, “მოზაიკამ” სრულყოფილი ინფორმაცია ვერც გორის მერიისგან მიიღო. ორთვიანი უშედეგო მცდელობის შემდეგ კი, ორგანიზაციამ საჯარო ინფორმაციის მისაღებად, გორის მერიის წინააღმდეგ სასამართლო დავა დაიწყო. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.