ბლოგები

რატომ ტოვებენ ახალგაზრდები გორს? – ემიგრანტის წერილი

ავტორი: ლალი გიგაური, ავსტრიაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე

ადგილი, სადაც დაიბადე და გაიზარდე, შენთვის ძვირფასი და მნიშვნელოვანია, სულ ერთია ქალაქია თუ სოფელი, ლამაზი თუ უშნო, მაინც გიყვარს, რადგან იქ შენი ბავშვობა გაატარე. ჩემთვისაც ასეა – სახლში მინდა-მეთქი, რომ ვამბობ, ესე იგი გორში, ჩემ სახლში და ეზოში მინდა. მაგრამ, არის დიდი “მაგრამ”,  რაც უფრო იზრდები, გორი შენთვის პატარავდება. 

რატომ ტოვებენ ახალგაზრდები გორს? – ალბათ ამ კითხვაზე ყველას თავისი პასუხი აქვს, თუმცა მე ჩემსას გაგიზიარებთ.

გორში პირადად ჩემთვის არც დასაღლელი ადგილები არსებობდა, არც დასასვენებელი და არც გასართობი. არ არსებობდა სივრცე, სადაც მეგობრებთან ერთად განტვირთვა შეიძლებოდა: ბარი, ბილიარდი, ბოულინგი, დარტსი, ბატუტები, დახურული პარკები, ღია აუზი ბოლოსდაბოლოს, სადაც ზაფხულის ცხელ დღეებში ცურვა და განტვირთვა იქნებოდა შესაძლებელი.

ქალაქში არ იყო არც ერთი ადგილი, ახალბაღის გარდა, რომელიც ბოლო რამდენიმე წელია დაკეტილია, სადაც ბავშვები  თამაშს და გართობას შეძლებდნენ. არ ვგულისხმობ, ბოლო წლებში სკვერებად წოდებულ ღია ცის ქვეშ დადგმულ ორ-სამ სასრიალოს, რომლებსაც ვერანაირ ამინდში ვერ გამოიყენებ.

თეატრი გვაქვს, მართალია შაბათ-კვირას, მაგრამ გვაქვს, რაც მართალია, მართალია, მაგრამ აქვე ვეჩეხებით მეორე პრობლემას – ქალაქში ტრანსპორტი არ დადის გვიანობამდე. გორი კია ერთი ციცქნა, მაგრამ ზამთარში ღამით სასიარულოდ არც ისე სასიამოვნოა, ტაქსით სამგზავროდ კი – ძვირი. ასე, რომ აქაც უკან წევ ამ შენ კულტურულ შიმშილს და რჩები სახლში, ან მეგობრის სახლში, რომელიც ამავდროულად სახინკლის ან რესტორნის უპირობო ალტერნატივაა.

კიდევ უფრო დიდი პრობლემაა არჩევანის არარსებობა. დეფიციტი ტანსაცმლის, სუვენირების, საჩუქრების, პროფესიების, ამ პროფესიებით დასაქმების შანსების. ჩემი ნაცნობების აბსოლუტური უმრავლესობა ან იუსტიციის სახლში მუშაობს ან რომელიმე ბანკში. არც ერთ ადამიანს არ ვიცნობ ნახევარ განაკვეთიანი სამსახურით.

კარიერული წინსვლის უპერსპექტივობა

მე იურისტობა არ მინდოდა, ამიტომ ფინანსისტი გამოვედი და ბანკში მუშაობის პირველ დღეს თანამშრომლისგან მოსმენილმა – “15 წელია ამ საქმეს ვაკეთებ”, დამარწმუნა, რომ წინსვლის და განვითარების კი არა, განძრევის საშუალება არ მექნებოდა და სამწუხაროდ, მართალიც აღმოვჩნდი. 1 კვირაში დავიწყე კვდომა და ერთი წელი ვკვდებოდი. ბოლოს ჩემი დიდებული 200 ლარიანი ხელფასის ნახევარი არასწორ ტრანზაქციას შევწირე და 100 დიდებული ლარით დავემშვიდობე საოცნებო სამსახურს.

მხოლოდ სწავლის მიზნით წასული ადამიანებიდანაც კი, ძალიან პატარა ნაწილი ბრუნდება უკან, 4-5 წელი როდესაც ცხოვრობ სხვა ქალაქში, იქ გიჩნდება გარემო, მეგობრები, ხშირად სამსახურიც და აღარ გინდა უკან უძრაობაში დაბრუნება.

გორი ინტროვერტებისთვის იდეალური ქალაქი იქნებოდა, მაგრამ არ ვართ ყველა სიჩუმის და მარტოობის მოყვარული, არც სახლიდან პიჟამაში მუშაობა ხიბლავს ყველას და არც ჭიქების ჭახუნი გართობის ერთადერთ საშუალებად.

ვფიქრობ, ქალაქის გაცოცხლებას კერძო სექტორის და ქალაქის მთავრობის ერთობლივი მუშაობა ჭირდება.

პირველ რიგში აუცილებელია მოწესრიგებული ტრანსპორტი, უსაფრთხო გადაადგილების შესაძლებლობა ქუჩებში.

ჩემ მიერ ჩამოთვლილ ყველა დაწესებულებაში შეუძლია იმუშაოს სტუდენტმა საღამოს და გამოიმუშაოს მისი მინიმუმი, რაც დამოუკიდებლობისკენ გადადგმული პირველი და უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი იქნებოდა.

ევროპაში ხშირად ტარდება ცნობილი და საყვარელი ბენდების კონცერტები, ასევე ფესტივალები არა დედაქალაქებში, არამედ პატარა ქალაქებში, სტადიონებზე. ერთდროულად რომ მინიმუმ ათი ათასი სტუმარი ჰყავს ქალაქს, აქედან რამდენი ჩადის წინა დღეს და ატარებს ორ-სამ დღეს ქალაქში. წარმოიდგინეთ, ამ ღამის სასტუმროების, გასტრონომიის, მუზეუმების და სუვენირების მაღაზიების შემოსავალი. ეს ყველაფერი აცოცხლებს ქალაქს და ხდის საინტერესოს.

ძალიან გულწრფელად რომ გითხრათ, მგონია, ჩემი საცხოვრებელი წლები ვიცხოვრე უკვე გორში, სამუდამოდ საცხოვრებლად ალბათ არასოდეს დავბრუნდები, თუნდაც იმიტომ, რომ სხვა ქვეყანაში, სხვა ქვეყნისვე მოქალაქესთან შევქმენი ოჯახი, მაგრამ ძალიან მინდა, რომ რაღაცები კარგისკენ შეიცვალოს.

ჩემთვის ძალიან საყვარელი ადამიანები და ბავშვები ცხოვრობენ გორში. ხშირად განვიხილავ ჩემს მეგობართან ერთად, რა შეგვიძლია რომ გავაკეთოთ. გეგმებს ვერ დავარქმევდი, მაგრამ მონახაზები გვაქვს, ფინანსების მოძიებაზე ვფიქრობთ.

საქმის კრედიტით დაწყება უსაფრთხოების უდიდეს გარანტიებს მოითხოვს, უსაფრთხო ბიზნესგარემოს და საქმის თავისუფლად კეთების შესაძლებლობას, რაც გორს ცდება და უკვე სახელმწიფო დონის პრობლემაა.

ვფიქრობ, ახალი თაობა ახალი შესაძლებლობებით გააკეთებს და შეძლებს ჩემ თაობაზე მეტს და იმედი მაქვს, რომ ჩემს შვილს ძალიან ძალიან მოუნდება საქართველოში და კონკრეტულად გორში ცხოვრება.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.