ახალი ამბები

სოციალურად დაუცველები გორის მერიასთან აქციას გეგმავენ 

“რამე იღონონ და გაგვიყვანონ ამ შენობოდან”, – ამბობენ გორში, ყოფილი ნარკოლოგიურის შენობაში მცხოვრები სოციალურად დაუცველები. მათ საპროტესტო აქციაც გამართეს და ადგილობრივ ხელისუფლებას მათ პრობლემებზე რეაგირება სთხოვეს. 

“შენობა ავარიულია, ინგრევა შიგნიდან. რამდენჯერ მივმართეთ მერიას, რამდენი სიუჟეტი გაკეთდა ამაზე, მაგრამ რეაგირება არ მოჰყოლია. პირობებს აღარ ვჩივივით, მთავარია სიცოცხლე, რომელიც საფრთხის ქვეშ დგას ამ შენობაში ცხოვრებით. მერიიდან ასეთი პასუხი იყო, რომ 2023 წელს არ განიხილება ეს საკითხიო, ნებისმიერ დროს შეიძლება რაღაც მოხდეს”, – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი. 

აღნიშნულ შენობაში სოციალურად დაუცველები უკვე წლებია რთულ პირობებში ცხოვრობენ. მერია პირობების გაუმჯობესებას რამდენჯერმე დაპირდა, თუმცა მდგომარეობა ამ დრომდე უცვლელია. ადგილობრივების თქმით, არსებობს ექსპერტიზის დასკვნაც, რომლის მიხედვით შენობა ავარიულია და იქ ცხოვრება საფრხის შემცველია.

“მოგვხედონ, დროულად გადაგვიყვანონ აქედან, ბავშვების პატრონები გვყავს, ღამეები არ გვძინავს შიშით. რაცც თურქეთში მოხდა, მას შემდეგ უფრო შეშინებულები ვართ”, – ამბობენ სოციალურად დაუცველები. 

სოციალურად დაუცველები ამბობენ, რომ თუკი მერიას მათ მოთხოვნაზე რეაგირება არ ექნება, ისინი პროტესტს მერიის შენობის წინ გააგრძელებენ. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.