ახალი ამბები

“კაპიკებს გვიხდიან” – რატომ არ გაეზარდათ ხელფასი მუშებსა და მეეზოვეებს გორში 

საჯარო სამსახურში დასაქმებულთა ნაწილს ხელფასის 10 % – იანი ზრდა არ შეხებია. მაგალითად გორში, კეთილმოწყობის სააგენტოში ადასტურებენ, რომ მეეზოვეებს და მუშებს სახელფასო ანაზღაურება არ გაზრდიათ.

კეთილმოწყობის სააგენტოში 400 – მდე ადამიანია დასაქმებული და ხელფასი მათგან მხოლოდ 50-მდე პირს გაეზარდა.

ფინანსური წახალისება არ შეეხოთ მეეზოვეებს და მუშებს, რომლებსაც როგორც თავად ამბობენ, მძიმე სამუშაო და მინიმალური ხელფასი აქვთ. გარდა ამისა, ისინი ვერ სარგებლობენ დასვენების დღეებით.

“კაპიკებს გვიხდიან და ჩვენ გვეგონა, რომ იანვრიდან მაინც მოგვემატებოდა რამე მაგრამ იმედი გაგვიცრუვდა, თქვენ არაო. სამაგიეროდ ადმინისტრაციას გაეზარდა. ყველას ღმერთმა შეარგოს მაგრამ ხომ შეიძლება გაჭირვებულ ხალხსაც მოგვხედონ? დღიური ანაზღაურება გვაქვს, ვერც კი ვისვენებთ. რომ დავისვენოთ მერე იმ დღის ხელფასს ვერ ავიღებთ. ხმამაღლა იტყვი რამეს და ეგრევე გეუბნებიან, არ გინდა და წადი სახლშიო”,- ამბობს ერთ-ერთი მეეზოვე.

სააგენტოს დირექტორი, გიორგი ბარჯაძე აცხადებს, რომ მუშებს და მეეზოვეებს დღიური ანაზღაურება აქვთ და მათთვის პირველი იანვრიდან ხელფასის მატება არ იყო გათვალისწინებული თუმცა, სააგენტო მათი ფინანსური წახალისებისთვის მუშაობს. 

“ის 10 % -იანი მატება იყო საბიუჯეტო. წინა წელს ორჯერ მოემატათ მტვირთავ მუშებს და მეეზოვეებს. იმიტომ არ შეეხოთ მაგათ მატება რომ არიან დღიურ ანაზღაურებაზე. იმათ გაეზარდათ ეხლა, ვინც არ არის დღიურ ანაზღაურებაზე”,– ამბობს გიორგი ბარჯაძე.

დატოვეთ კომენტარი