ბლოგები

როგორ შევაყვაროთ მოსწავლეებს ქიმიის გაკვეთილები?

ავტორი: ლია ჯავახიშვილი

ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, საქართველოს სკოლებში საგანი ქიმია შემოდის საბაზო საფეხურზე, კერძოდ მე-8 კლასში.  ამ დროისათვის მოსწავლეთა ასაკი 13-14 წელია. აღნიშნული ასაკის მოსწავლეთა უმრავლესობას უკვე შექმნილი აქვს ნაცნობი და ახალი საგნების მიმართ გარკვეული სახის დამოკიდებულებები. ხშირ შემთხვევაში, ქიმიის მიმართ შექმნილი დამოკიდებულებები სტერეოტიპულია, რადგან ქიმიას აღიქვამენ ურთულეს საგნად და წინასწარ იქმნიან უარყოფით წარმოდგენებს. სწორედ აქ, მთავარი როლი ქიმიის მასწავლებელს აკისრია, რომელმაც პირველივე გაკვეთილზე უნდა მოახდინოს მოსწავლეთა დაინტერესება და მოტივაციის ამაღლება.

ისმის კითხვა – რა შევთავაზოთ მოსწავლეებს ქიმიის პირველ გაკვეთილზე? 

თუ სკოლას აქვს ლაბორატორია, სასურველია, პირველი ემოციებისა და შთაბეჭდილებებისთვის გაკვეთილი ლაბორატორიაში ჩაატაროთ. პირველ რიგში, ბავშვებს გააცანით ლაბორატორიაში ქცევისა და უსაფრთხოების წესები. შემდეგ აჩვენეთ  ვიზუალურად  ეფექტური ცდები, როგორიცაა: „სპილოს ხორთუმი“, „ვულკანის ამოფრქვევა“, „იდუმალი მელანი“ ან კონცენტრირებული გოგირდმჟავით ამოტვიფრეთ ფურცელზე რაიმე სიტყვა.

მერწმუნეთ, აღნიშნული ექსპერიმენტები გულგრილს არ დატოვებს თქვენს მოსწავლეებს და ხელს შეუწყობს მათში მოტივაციისა  და ინტერესის  ამაღლებას.

როგორ მოვიქცეთ, თუ სკოლაში ლაბორატორია არ გვაქვს?

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ სკოლების გარკვეულ ნაწილს არ აქვთ ლაბორატორიები, რაც ართულებს საბუნებისმეტყველო საგნების შესწავლას. მათ რიცხვს განეკუთვნება ჩემი სკოლაც. ასეთ შემთხვევაში მე პირადად მატერიალურ ლაბორატორიას ვანაცვლებ ვირტუალურით და ვცდილობ, ისეთი ექსპერიმენტები შევიტანო კლასში, რაც უსაფრთხოა ნებისმიერ სივრცეში განსახორციელებლად ან ვაჩვენებ ვიდეო რესურსის სახით.     

საშინაო ექსპერიმენტები:

საშინაო ექსპერიმენტებისთვის ვთავაზობ ოჯახის პირობებში არსებულ ნივთიერებებს.

მაგალითად, რეაქცია „ვულკანის ამოფრქვევისთვის“ გამოიყენონ სოდა და ძმარი; „რბილი კვერცხისთვის“ – ძმარი და კვერცხი, ხოლო „უხილავი მელანისთვის“ – რძე ან ხახვის წვენი და თაბახის ფურცელი. ინდიკატორად დასჭირდებათ შავი ყურძნის, ბროწეულის ან წითელი კომბოსტოს წვენი.

პროექტული სწავლება:

ქიმიის გაკვეთილებს განსაკუთრებით საინტერესოს და სახალისოს ხდის პროექტული სწავლება. აქ მოსწავლეები თვითონ ირგებენ  მკვლევარების როლს და პროცესებსაც თავად წარმართავენ. პრაქტიკული სამუშაოების საფუძველზე იძენენ და აგროვებენ პირობისეულ ცოდნას, რაც სწავლა-სწავლების მთავარ მიზანს წარმოადგენს.

ამავე მიზანს ემსახურება სახალისო ვიქტორინების, სამაგიდო თამაშების, ნივთიერებათა ბარათებისა და კროსვორდების გამოყენება საგაკვეთილო პროცესში. აქვე მინდა გაგიზიაროთ რამდენიმე ვებ.მისამართი სადაც ელექტრონულად შეგეძლებათ თქვენს მოსწავლეებთან ერთად შექმნათ აღნიშნული რესურსები:

დატოვეთ კომენტარი