სტატიები

რატომ არ აქვს ზემო ხვედურეთს სასმელი წყალი – მოსახლეობის პრეტენზიები და მერიის პასუხი 

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხვედურეთში სასმელი წყლის პრობლემის მოგვარებას ითხოვენ. როგორც ადგილობრივი, ანა მჭედლიშვილი გვიყვება მიუხედავად იმისა, რომ სოფელში წყლის სისტემა გააკეთდა, სასმელი წყალი მაინც არ მიეწოდებათ.  

“ახალი მილები ჩაყარეს, მრიცხველებიც დაყენეს, თუმცა წყალი მაინც არ მოდის. არის ოჯახები, რომლებსაც ძველი ჩაყრილი მილები დაუზიანდა და წყალს ხელით ვეზიდებით, ისევ იმ ძველი მილების იმედად ვართ ისიც დღე გამოშვებით 2 საათით მოდის. სოფლის წარმომადგენელს მივმართეთ და გვითხრა გაკეთდებაო. იმედია გაზაფხულზე მაინც გაკეთდება. სოფელში სასმელი და სარწყავი წყლის პრობლემა სულ გვაქვს”, – გვიყვება ანა მჭედლიშვილი.

პრობლემის შესახებ საუბრობენ ზემო ხვედურეთის სხვა მაცხოვრებლებიც.

“გასული წლის ივლისში უნდა დამთავრებულიყო ზემო ხვედურეთში სასმელი წყლის სისტემის მონტაჟი, მეორე ივლისი მოდის და სოფელს წყალი ისევ არ გვაქვს”, – ამბობს ქეთი ხოსრუაშვილი.

ზემო ხვედურეთში მცხოვრები მოსახლეობის საპასუხოდ, ქარელის მერიაში განმარტავენ, რომ წყლის სისტემის მონტაჟის სამუშაოები ჯერ არ დასრულებულა, რადგან კომპანიამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადას გადააცილა. 

“სამუშაოები რეგიონალური განვითარების ფინდის და ადგილობრივი ბიუჯეტის ერთობლივი დაფინანსებით ხორციელდება, პროექტის სამუშაოები კი ჯერ არ დასრულებულა. კომპანია, რომელიც აღნიშნულ სამუშაოებს ახორციელებს ვადაგადაცილებით მუშაობს და პირგასამტეხლო ეკისრება ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე”, – გვითხრა ნათია მაწონაძემ, ქარელის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე

კომპანია, რომელიც ზემო ხვედურეთში წყლის სისტემის მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს შპს “თექ ჰაივეი”, რომელსაც ქარლერის მერიამ 758 219 ღირებულების ხელშეკრულება გასული წლის მარტში გაუფორმა. სახელმწიფო შესყიდვების ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნულმა კომპანიამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადას 6 დღით გადააცილა. აღსანიშნავია, რომ კომპანიას ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე ხელშეკრულებები აქვს სხვდასხვა მუნიციპალიტეტებთანაც. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი