ადამიანები ისტორიები

ჩვენ გვაქვს პოტენციალი უმაღლეს ლიგაში თამაში – სურამის “მგლების” 10 წლიანი ისტორია

სურამის რაგბის კლუბ “მგლებს” დაარსების 10 წლიანი ისტორია აქვს. კლუბი ჯერ კიდევ მაშინ შეიქმნა, როდესაც არანაირი ინფრასტრუქტურა არ გააჩნდათ, არც სავარჯიშო მოედანი იყო მოწყობილი და არც სხვა ინვენტარი, მაგრამ იყო მოტივაცია და სურვილი იმისა, რომ ეს სპორტი სურამში განვითარებულიყო.

კლუბის მწვრთნელი კახა აბრამიშვილია, რომელიც წარსულში ასევე რაგბის თამაშობდა. მაშინ სურამელმა ახალგაზრდებმა საკუთარი გუნდიც ჩამოაყალიბეს, მაგრამ იმ დროს, ამ სპორტის განვითარება თითქმის შეუძლებელი აღმოჩნდა და ბიჭები დაიშალნენ.

“ჩემს ახალგაზრდობაში რომ რაგბს ვერ გავყევი, ეს სულ გულში მქონდა, ამიტომ გადავწყვიტე, მე შემექმნა ჩემი გუნდი და მევარჯიშებინა ბავშვები. ვერ წარმოიდგენთ, რა პირობებში გვიწევდა მუშაობა, არა სტადიონი, არანაირი ინფრასტრუქტურა. ამასობაში გამოჩნდნენ ბიჭები, რომლებიც რაგბით დაინტერესდნენ. ჩვენი ხელებით მივალაგეთ ის სივრცე და გასახდელები, სადაც ახლა ვართ. სრულიად ენთუზიაზმზე ვმუშაობდი, უხელფასოდ, ასე დაიწყო ჩვენი ისტორია. შემდეგ ადგილობრივი ხელისუფლებაც დაგვეხმარა, თითქის 5 წელი დაგვჭირდა, რომ ამ მოედანზე ჩაგვეტარებინა თამაში”.

კლუბ “მგლებში” ახლა 50-მდე ბავშვი ვარჯიშობს. მათი ნაწილი – სურამში, ნაწილი კი მიმდებარე სოფლებში ცხოვრობს.

“გავდივარ ისეთ ადგილებში, საიდანაც ბავშვებს უჭირთ სიარული, მაგრამ ინტერესი აქვთ, მე მივდივარ და ვავარჯიშებ მათ. ინტერესი დიდია, ჩვენი ნაკრების წარმატებებმა ახალგაზრდები კიდევ უფრო დააინტერესა. ვცდილობ, ყველა თამაშზე წავიყვანო ისინი. ამჟამად კლუბში 50-მდე ბავშვი ვარჯიშობს. ჩვენი მოედანი არ აკმაყოფილებს იმ სტანდარტებს, რომ დიდმა გუნდებმა ითამაშონ, ამიტომ ჩვენი აღზრილები, ვისაც პროფესიონალური სპორტის თამაში უნდა, თბილისში აგრძელებენ მოღვაწეობა. მინდა ჩემი ბიჭები ევროპულ კლუბებს გავაცნო, ახლაც სწორედ ამ მიზნით ვარ საფრანგეთში წამოსული, მოლაპარაკებებს ვაწარმოებ, იმედი მაქვს ჩემს მიზნებს მივაღწევ”, – ამბობს კახა.

კახას სურვილია, “მგლების” წევრებმა დიდი რაგბი ითამაშონ, ამაში კი მათ ხელშეწყობა სჭირდებათ.

“ჩემი სურვილია სურამს ჰქონდეს რაგბის მოედანი, რომელიც სტანდარტებს დააკმაყოფილებს. მინდა ვიმუშაო ახალგაზრდებთან, რომლებიც მიიღებენ მონაწილეობას საქართველოს ჩემპიონატებზე. ჭაბუკებში არსებობს B ლიგა, A ლიგა და მინდა ჩემმა სპორტსმენებმა აქ ითამაშონ. ჩვენ ყველა პოტენციალი გაგავაჩნია. დიდი სურვილი მაქვს აქ გაკეთდეს რაგბის ბაზა, კლუბები ჩამოვლენ ზბორებზე, ჩვენი სპორტსმენები უდიდეს გამოცდილებას მიიღებენ. სურამი ტურისტული ზონაა და ამ კუთხითაც კიდევ უფრო განვითარდება. ბევრ სასიკეთო საქმეს შეუწყობს ხელს ეს ამბავი”, – აღნიშნავს კახა.

კლუბის ისტორიაშია საქველმოქმედო თამაშებიც. თამაშზე მიღებული თანხით სპორტსმენები თანამოქააქალეებს ეხმარებიან.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.