ბლოგები

როგორ ვახაროთ შობის ვარსკვლავი?

ავტორი: თამარ კიკაძე 

მცენარეებზე ზრუნვა, განსაკუთრებით  ყვავილებზე, ჩემთვის ერთ-ერთი საყვარელი საქმეა. წლების განმავლობაში, მცენარის მრავალი ჯიში ვახარე, თითოეულ ჯიშის მოვლის მეთოდი სხვადასხვა რესურსების დახმარებით ვისწავლე. 

დეკემბრის თვეში, ძალიან მოსწონთ ხოლმე ჩემს ფანჯარაში გამოფენილი “შობის ვარსკვლავი” იგივე ,,პუანსეტია”, ბევრი ყიდულობს ქოთნით საშობაოდ, თუმცა გახარება უჭირთ. მართლაც არაა მისი მოვლა  მარტივი საქმე. მას  სპეციფიური პირობები სჭირდება, თუმცა თუ ზედმიწევნით გაითვალისწინებთ ჩემს რჩევებს, მგონია რომ გახარებას შეძლებთ. 

ამ მცენარეს აქვს დასვენებისა და ყვავილობის ფაზები. პირველი ფაზა გრძელდება გაზაფხულიდან შემოდგომამდე, კერძოდ, მაისიდან ოქტომბრის მიწურულამდე, ხოლო მეორე ფაზა, ნოემბრიდან აპრილის ბოლომდე.

გაზაფხულის მიწურულს მცენარე დაიწყებს ფოთლების ცვენას, ამ დროს ჩვენ იგი უნდა გადავჭრათ ძირიდან 10-15 სმ სიმაღლეზე და აუცილებლად უნდა მოვათავსოთ მშრალ ადგილას, ორ კვირაში ერთხელ ვნამოთ ნადგამი წყლით რომ არ გამოშრეს.

“პუანსეტიას” სახლის პირობებში სჭირდება 12-16 გრადუსამდე ტემპერატურა, ხოლო როცა ეზოში გაიყვანთ მას, მაისის თვიდან ოქტომბრამდე სჭირდება 20-25 გრადუსამდე ტემპერატურა.

დაასრულებს თუ არა მცენარე ყვავილობას, ეს ხდება დაახლოებით მაისის თვეში, ჩვენ აუცილებლად უნდა გადავრგოთ მოზრდილ საყვავილე ქოთანში, უმჯობესია თავის ნიადაგიანად. 

ახლა რაც შეეხება ნიადაგს: ვიღებთ 2-წილ ფოთლოვან, ეგრედწოდებულ ნეშომპალა ნიადაგს, ვუმატებთ 3-წილ თიხა ნიადაგს + 1-წილი მდინარის შავი ქვიშა (ლამი) + 1-წილი ტორფი. დავიცვათ მიწის შეზავების პროცედურა ზედმოწევნით და ეს აუცილებლად განაპირობებს იმას, რომ სახლში გეყოლებათ ჯანმრთელი, ჯანსაღი და მოვლილი “პუანსეტია”.

მავნებლებთან გამკლავება: ამ მცენარის პირველი მტერია ფრთათეთრა და ცრუ ფარიანები, რომლებიც გვინდა არ გვინდა მაინც გაჩნდებიან, მათ უნდა ვებრძოლოთ ქიმიური საშუალებებით, მაგალითად: აქტარა, ნომერ პირველი საშუალებაა ამ მავნებლებთან საბრძოლველად:4-გრამიანი პაკეტი გავხსნათ 4-ლიტრ წყალში და თითოეული ფოთოლი დავუნამოთ ამ ხსნარით. ამით მცენარე არ იწვება, არ ზიანდება. 

გარდა შობის ვარსკვლავისა, ჩემს ეზოს ამშვენებს 80-მდე საკოლექციო ვარდების სხვადასხვა ჯიშები, 400-მდე ჰოლანდოური ჯიშის წითელი, ყვითელი და ცეცხლისფერი ტიტები, ულამაზესი დეკორატიული ნეკერჩხალი, ვერცხლისფერი ნაძვი, სხვადასხვა ჯიშის მარადმწვანე ნერგები და ღვიები. ეს საქმე ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს და ბოლო წლებია, შემოსავლის წყაროდაც ვაქციე. გავაკეთე ჩემი ყვავილების  ფეისბუქ გვერდი, სადაც გასაყიდ მცენარეებს ვდებ ხოლმე და დაინტერესებულ ადამიანებს რჩევებს ვუზიარებ.  

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.