ბლოგები

რატომ ტოვებენ ახალგაზრდები ქარელს?

ავტორი: ვასილ ბაქრაძე, ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი

ქარელის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდების მიგრაციის საკითხი საკმაოდ მწვავედ დგას. მდგომარეობა სულ უფრო  და უფრო  რთულდება. ამის მოგვარებას საკმაოდ საფუძვლიანი შესწავლა სჭირდება, რადგან, როგორც მოგეხსენებათ, შრომისუნარიანი საზოგადოების ყველაზე დიდი ნაწილი, რომელიც ქმნის დოვლათს და ამოძრავებს ეკონომიკას, სწორედ ახალგაზრდობაშია.

ეკონომიკის განვითარება და დოვლათის შექმნა პირდაპირპროპორციულად აისახება მოსახლეობის ცხოვრების ხარისხზე. მოსახლეობის დიდ ნაწილს არ აქვს მედიკამენტების, საკვების, კომუნალური გადასახადების ფული  და მათი ყოველდღიური ცხოვრება მძიმეა. ამ პრობლემას მყისიერად უნდა საფუძვლიანი შესწავლა და კონკრეტული გზების ძიება. უნდა დავაინტერესოთ ახალგაზრდები, რომ დარჩნენ მუნიციპალიტეტში და  დასაქმდნენ, შექმნან  სამუშაო ადგილები და დოვლათი. თუმცა, სამწუხაროდ,  ქარელის მუნიციპალიტეტში საპირისპიროდ ხდება. სამუშაო, როგორც მოგეხსენებათ, არის ან სახელმწიფო ან კერძო სექტორში.

ჩვენს მუნიციპალიტეტში  ძირითადად  განვითარებულია აგრობიზნესი, სადაც  საკმაოდ დიდმა პრობლემებმა იჩინა თავი (რასაც პანდემიამაც შეუწყო ხელი). კერძოდ, უხარისხოა შხამ – ქიმიკატები  და სასუქების ნაწილი, გაძვირდა საწვავი, სასუქი, თესლი, გერბიციდი, მუშახელი და სხვა. ეს  ყველაფერი ზრდის  პროდუქტის თვითღირებულებას, ადგილობრივ პროდუქციას უჭირს  კონკურენცია იმპორტირებულ საქონელთან  და რაც   მთავარია,  აუცილებელია მეტ-ნაკლებად  პროგნოზირებადი ბაზარი.  ასევე, არ არსებობს ადგილობრივ დონეზე  სოფლის მხარდაჭერის პროგრამა.   

რაც შეხება სახელმწიფო სამსახურს, ამ სფეროში ჩვენს მუნიციპალიტეტში  ძირითადი სამუშაო ადგილი თვითმმართველობაშია, სადაც ხალხში გავრცელებული აზრით, მოხვედრა შესაძლებელია არა კონკურსით, სამუშაო გამოცდილებით, განათლებით ან კვალიფიკაციით,  არამედ ქარელის მერის დამოკიდებულების მიხედვით, რაც იწვევს ახალგაზრდობაში  ნიჰილიზმს და უიმედობას.

აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენს მუნიციპალიტეტში 2013  წლიდან 2022 წლის  ჩათვლით  322  წარჩინებული მედალოსანი  კურსდამთავრებულია. როგორც, მოგეხსენებათ, მე 7  წლის განმავლობაში ვიყავი  განათლების, კულტურის და სპორტის სამსახურის უფროსი, რომელი სამსახურიც კურირებს ახალგაზრდულ საკითხებსაც. ამას იმიტომ გავუსვი ხაზი, რომ გვქონდა კარგი ტრადიცია, ზემოთაღნიშნულ ახალგაზრდებს ყოველ წელს მერია უმზადებდა ფასიან  საჩუქრებს  და  რესურსცენტრის წარმომადგენლებთან ერთად  გადავცემდით  საზეიმოდ. ასევე  გვქონდა გაცნობითი  და მეგობრული საუბარი, სადაც  წარჩინებული ახალგაზრდობის უმეტესობა  გამოთქვამდა სურვილს, უმაღლესი სასწავლებლის დამთავრების შემდეგ  დაბრუნებულიყო და ემსახურა მშობლიურ მუნიციპალიტეტში. თუმცა, ბოლო წლებია, არც კონკურსებში  იღებენ მონაწილეობას და ვერც  თვითმმართველობაში დასაქმებულს ვნახავთ მათ უმრავლესობას.

გამოსავალი არსებობს  მხოლოდ  ზემოთაღნიშნული პრობლემების მოგვარებაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, გაგრძელდება შრომისუნარიანი ახალგაზრდების გადინება მუნიციპალიტეტის ფარგლებს გარეთ  და რაც უარესია,  მათი დიდი უმრავლესობა ტოვებს ქვეყანას  და სხვა  ქვეყანაში  ქმნიან  იმ   დოვლათს,   რომელიც  ასე სჭირდება  ჩვენს  მუნიციპალიტეტს  თუ  საქართველოს.

დატოვეთ კომენტარი