ადამიანები ისტორიები

თვითნასწავლი ვებ-დეველოპერი ცოდნას ახალგაზრდებს უზიარებს – შოთა ჯავახიშვილის ამბავი

24 წლის შოთა ჯავახიშვილი კასპის ტექნო პარკში ფაბრიკაციის მენეჯერად მუშაობს. ის ახალგაზრდებს ტექნოლოგიების შესწავლაში, დანადგარებთან მუშაობაში და იდეების განხორციელებაში ეხმარება. 

ტექნოლოგიებით და კომპიუტერული პროგრამებით შოთა პატარა ასაკში დაინტერესდა და როგორ გვიყვება, პროგრამირების ენები ინეტრნეტით, დამოუკიდებლად შეისწავლა. 14 წლის ასაკში კი, უკვე სხვადასხვა კომპანიებისთვის ვებ.გვერდებს ქმნიდა.

“დაახლოებით 13-14 წლის ვიყავი, როდესაც ბიძაჩემმა კომპიუტერი მაჩუქა და ის დავშალე, რომ გამეგო, როგორ იყო აწყობილი. საწყის ეტაპზე კომპიუტერს ვიყენებდი თამაშებისთვის, მაგრამ მალევე მივხვდი, მხოლოდ გართობა არ უნდა ყოფილიყო ჩემი მიზანი და სასარგებლოდ უნდა წარმემართა ინტერესები. თამაშებმა მასწავლა ინგლისური ენა, ხოლო ინტერნეტით შევისწავლე პროგრამირების ენები. 2009 წლიდან უკვე საიტებს ვაწყობდი და მქონდა ჩემი შემოსავალი. ჩემი მაგალითით შემიძლია ვთქვა, რომ კომპიუტერი და ინტერნეტი მხოლოდ გასართობად არ გამომიყენებია, ამან მომცა შესაძლებლობა, ვყოფილიყავი იმ საქმეში. სადაც ახლა ვარ”, – გვიყვება შოთა.

შოთამ ინფორმატიკის და მართვის სისტემის ფაკულტეტი დაამთავრა და ახლა დეველოპერად მუშაობს. ამბობს, რომ როდესაც ტექნოპარკში დასაქმდა, დანადგარებთან მუშაობის გამოცდილება არ ჰქონდა. მისი თქმით, ვიდრე გადამზადებას გაივლიდა, ინტერნეტის საშუალებით უკვე ჰქონდა თეორიული ცოდნა ყველა მოწყობილობის მიმართ.

“ინფორმატიკის და მართვის სისტემის ფაკულტეტი მაქვს დამთავრებული, ვსწავლობ კასპის პროფესიულ კოლეჯში იგივე ფაკულტეტზე და მუდმივად ვცდილობ განვვითარდე ტექნოლოგიების სფეროში. როდესაც აქ მუშაობა დავიწყე, გამოცდილება მქონდა მხოლოდ პროგრამირების სფეროში, საერთოდ არ ვიცნობდი დანადგარებს. ამ ეტაპზე მაქვს 6 დანადგართან წვდომა. ვიდრე გადამამზადებდნენ, დამოუკიდებლად შევისწავლე თითოეული მოწყობილობა, თუ როგორ უნდა მემუშავა. როდესაც ხედავ, რამხელა შესაძლებლობებს იძლევა ეს მოწყობილობები, ძნელია არ დაგაინტერესოს და არ გაგიჩნდეს სწავლის სურვილი, ბუნებრივია თუ ეს სფერო გაინტერესებს”, – გვიყვება ის.

შოთა მუდმივად ცდილობს ახალგაზრდების ხელშეწყობაზე. სურვილის შემთხვევაში, ასწავლის დანადგარებთან მუშაობას და ატარებს ლექციებს მათთვის საინტერესო თემებზე.

შემიძლია ვთქვა, რომ ყველა დანადგარი, რაც აქ გვაქვს, ათვისებული მაქვს. რა თქმა უნდა, დრო დამჭირდა ამ ყველაფრის შესასწავლად. ახალგაზრდებს ვეხმარები ტრენინგ-კურსებით, თუ სურვილი აქვთ, პროფესიად აირჩიონ რომელიმე დანადგართან მუშაობა, ვასწავლი. აქვთ იდეები? ვეხმარები მათ დამუშავებაში. აქვთ მცირე ბიზნესი? ყველანაირად ვუწყობ ხელს. მთავარია, იყოს მათი მხრიდან ინტერესი”, – ამბობს შოთა.

შოთა ახალგაზრდებს მიმართავს და მოუწოდებს, რომ დარჩნენ საკუთარ ქალაქში და საზოგადოებისთვის პროდუქტიულები იყვნენ. ფიქრობს, რომ პატარა ქალაქებში წარმატებული ახალგაზრდების ყოფნა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.