სტატიები

გორის მერიამ ორი თვის წინ გაუქმებული შტატი ისევ აღადგინა – შეფასებები

გორის მერიამ ორი თვის წინ გაუქმებული შტატი ისევ აღადგინა. საუბარია ეკონომიკის სამსახურის ქონების განყოფილების სპეციალისტის შტატზე, რომელიც უწყებამ ორი თვის წინ გააუქმა, თუმცა მოგვიანებით, საკრებულოს მისი აღდგენის ნებართვა სთხოვა. 

საკითხის განხილვას ოპოზიციონერი დეპუტატების მხრიდან ხმაური მოჰყვა. ენმ-ს წევრი საკრებულოში, ანი ბალიაშვილი ფიქრობს, რომ ამ ნაბიჯებით მერია არასასურველი კადრების სასურველით ჩანაცვლებას ცდილობს.

“მერიამ სრულიად დაუსაბუთებლად შემოიტანა კიდევ ერთი შტატის დამატების მოთხოვნა საკრებულოზე, რასაც არ დავუჭირეთ მხარი, რადგან უწყებამ უკვე ჩაატარა რეორგანიზაცია და დასრულებულია ეს პროცესი. აღნიშნული შტატი გააუქმა და რამოდენიმე თვის მერე აღმოაჩინა, რომ ისევ სჭირდება. აღმოჩნდა, რომ მერიაში არ არსებობს ერთიანი ხედვა, შტატების გაუქმება და დამატება არის მხოლოდ და მხოლოდ არასასურველი კადრების გაშვების და სასურველის მიღების საუკეთესო მექანიზმი”, – ამბობს ბალიაშვილი

შტატის აღდგენას არ დაეთანხმა ფრაქცია გორი “საქართელოსთვის” წევრი მერაბ გოხელაშვილი. მისი თქმით, რასაც მერია აკეთებს, ეს არის დროის კარგვა.

“ეს არის არათანმიმდევრულობა და როცა არათანმიმდევრულობა გვაქვს, ვიღებთ ამას. ერთს ვაუქმებთ დღეს, მეორეს ვაუქმებთ ხვალ. ეს არის დროის კარგვა. ჩვენმა ფრაქციამ ამ საკითხს მხარი არ დავუჭირეთ”, – ამბობს გოხელაშვილი.

შტატის ხელმეორედ დამატებაზე საკრებულოს თავმჯდომარეს, დავით რაზაძეს ვესაუბრეთ. “მოზაიკასთან” საუბარში რაზმაძე ამბობს, რომ აღნიშნულ პოზიციაზე შტატი იყო ღია, რადგან კონკურსში არავინ მიიღო მონაწილეობამ, რის გამოც გაუქმდა.

“ვიდრე მერია შტატს გააუქმებდა კონკურსი იყო გამოცხადებული, რომელშიც არავინ არ მიიღო მონაწილეობა. შესაბამისად, ეს შტატი იყო ღია და გაუქმდა. დღეს ანგარიში იყო წარმოდგენილი შესაბამისი განყოფილებისა, საკმაოდ რთული სამუშაოა, მეც ვეთანხმები და ხელმძღვანელობამაც ჩათვალა, რომ შტატი იყო დასამატებელი. ახლა კონკურსი გამოცხადდება და იმედია შეირჩევა კვალიფიკაციური კადრი”, – გვითხრა დავით რაზმაძე.

აღნიშნულ თანამდებობაზე აყვანილი კადრის ყოველთვიური სარგო 1 210 ლარი იქნება. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.