სტატიები

რა გეგმები აქვს ქარელის კულტურის გაერთიანების ახალ უფროსს – ინტრევიუ გიორგი ეგნატაშვილთან

რის გაკეთებას გეგმავს ქარელის კულტურის გაერთიანების ახალი უფროსი? რა გმოწვევებს ხედავს და როგორ აპირებს მათ მოგვარებას? – ამ საკითხებზე ესაუბრა “მოზაიკა” გიორგი ეგნატაშვილს. 


როგორია თვენი, როგორც ა(ა)იპ-ის ახალი უფროსის სამომავლო გეგმები?

ამ ეტაპზე ბიუჯეტის დაგეგმვა მიმდინარეობს, როცა ბიუჯეტი გაიწერება, შემდეგ უფრო კონკრეტულად გვეცოდინება, როდის და რა სახის პროგრამებს განვახორციელებთ.

რა გამოწვევები დაგხვდათ ა(ა)იპ-ში, რომლის მოგვარებასაც საწყის ეტაპზე აპირებთ?

ისეთი სახის პრობლემა არ გვაქვს, რომ სასწრაფო ჩარევას საჭიროებდეს და მუშაობას ხელს უშლიდეს, ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით შენობა გამართულია. დანარჩენს პროგრამულად მივყვებით და თუ კი რაიმე პრობლემა წამოიჭრება, მის აღმოფხვრაზე ვიზრუნებთ.

როგორია საკადრო მდგომარეობა და თუ გეგმავთ ცვლილებებს ამ მიმართულებით?

ცვლილებები იქნება პროგრამული თვალსაზრისით, მაგრამ საკადრო ცვლილებებს ქარელის კულტურის ცენტრი ჯერ-ჯერობით არ გეგმავს. ბოლო პერიოდში რამდენიმე თანამშრომელი დაგვემატა, რამდენიმეც წავიდა, მაგრამ თანამშრომელთა ზუსტ რაოდენობას ვერ გეტყვით.

უახლოს მომავალში რა კულტურული ღონისძიებები გაქვთ დაგეგმილი? 

.არის რამდენიმე აქტივობა, რომელიც წლის ბოლომდე გაიმართება. ამ ეტაპზე პროგრამულად დაგეგმილია ცნობილი საზოგადო მოღვაწის დღე, ჩატარდება ზღაპრების კონკურსი და ორი საბავშვო სპექტაკლი, დანარჩენილი ჩვენს მიერ განსახორციელებელი პროგრამები ბიუჯეტის გაწერის შემდეგ გვეცოდინება.

ა(ა)იპ-ს თუ აქვს საკუთარი შემოსავლები?

გაერთიანებას დამატებითი შემოსავლები არ გააჩნია. ის ადგილობრივი მერიიდან ფინანსდება.


შეგახსენებთ, რომ ქარელის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ხელოვნების დაწესებულებების გაერთიანების უფროსად გიორგი ეგნატაშვილი ახლახანს დაინიშნა. მან ამ თანამდებობაზე მერი არხოშაშვილი შეცვალა.

დატოვეთ კომენტარი