სტატიები

გორის მერიამ საკრებულო აქცია ნოტარიუსად – “საქართელოსთვის” წევრებმა ერთი წელი შეაჯამეს

ფრაქცია “გორი საქართველოსთვის” წევრებმა, გორის საკრებულოში მუშაობის ერთი წელი შეაჯამეს და ანგარიში ამომრჩევლებს წარუდგინეს.

შეხვედრაზე, პარტიის წევრებმა ყველა ის აქტივობა მიმოიხილეს, რომლებიც საკუთარი უფლება-მოსილების ფარგლებში განახორციელეს.

მაია ბოლაშვილი 30 სექტემბრის ჩათვლით 15 საკრებულოს სხდომას დაესწრო. მისი ანგარიშის მიხედვით, ამ ერთი წლის განმავლობაში ბოლაშვილს და მის ფრაქციას ჰქონდათ ინიცირებები, რომელიც ადგილობრივმა ხელისუფლებამ გაითვალისწინა. ის ასევე განმარტავს, რომ ბევრია ისეთი საკითხი, რომელსაც არც საკრებულო და არც მერია არ იზიარებს.

“ჩემი ინიციატივა იყო უკრაინელი ახალგაზრდებისთვის შემეცნებით-ინტელექტუალური საზაფხულო სკოლის მოწყობა. გავაკეთეთ პროექტიც, მაგრამ ამას უკუ რეაქცია არ მოჰყოლია. ჩვენ ასევე მოვითხოვეთ მდინარე მეჯუდას კალაპოტის, მისი შემოგარენის დასუფთავება და ჭკვიანი კამერის დამონტაჟება, მოსახლეობას რომ აღარ დაებინძურებინა. ასევე, მოვითხოვეთ გოგობაშვილის სკვერის ნარგავების მოვლა პატრონობა. მოვიწვიეთ შესაბამისი სამსახურის თანამშრომლები, მაშინვე არა, მაგრამ რამდენიმეჯერ რომ გავიმეორეთ ერთი და იგივე ინიციატივა, მოაგვარეს”, – ამბობს ბოლაშვილი.

​დღევანდელი ანგარიშის მიხედვით, ფრაქციის წევრებმა საანგარიშო პერიოდში დაახლოებით 230 საკითხის გადაწყვეტაში მიიღეს მონაწილეობა. მერაბ გოხელაშვილის თქმით, მათმა ფრაქციამ 10 ინიციატივა წარუდგინა საკრებულოს.

“ჩვენი ინიციატივების უმრავლესობა საკრებულომ გაითვალისწინა არა ისე, როგორც ჩვენი, არამედ როგორც – მათი. ჩენ არ გვიჭერდნენ მხარს, რაღაც პერიოდის გასვლის შემდგომ კი, მათ გამოიტანეს საკრებულოზე. ჩვენ ორიენტირებულები ვართ, რომ მოქალაქეების სჭიროებები გადაწყდეს და არა იმაზე, რომ ციფრებში აისახოს ჩვენი ინიციატივები, მაგრამ ვერ ვხვდები რატომ ვკარგავთ დროს?! ეს არის პოლიტიკური კომპლექსი, რომელიც სრულიად გაუგებარია ჩემთვის”, – ამბობს გოხელაშვილი.

ფრაქციის წევრებმა საკუთარი ანგარიშის განხილვის დროს ისაუბრეს გამოწვევებზე, რომლის წინაშეც თვითმმართველობა დგას.

მამუკა ფანიაშვილმა ისაუბრა მერიის პოზიციაზე. კერძოდ იმაზე, რომ უწყება თითქმის არასდროს არ სცემს პასუხს კითხვებს, არ დადის საკრებულოს სხდომაზე არც მერი, არც მისი მოადგილეები, რაც მათ კანონით ევალებათ.

“მერიამ საკრებულო გადააქცია ნოტარიუსად. საკითხები შეამოაქვთ იმისთვის, რომ დადგენილება გაფორმდეს და იურიდიული ძალა მიენიჭოს და არა იმისთვის, რომ საკრებულომ ამაზე იმსჯელოს ინკლუზიურად, მოიწვიოს სხვადასხვა ადამიანები, მათთან ერთად მიიღოს გადაწყვეტილება და რეალურად საკითხი იმ ფორმით შედგეს, როგორც მოსახლეობას აწყობს და არა ისე, როგორც არის წარმოდგენილი მერიის მხრიდან. მერია ანგარიშვალდებულად არ თვლის თავს საკრებულოს წინაშე, არასდროს არ მოდის მერი და მისი მოადგილეები, მიუხედავად იმისა, რომ ვიბარებთ საკრებულოს წევრები. ამით ვლინდება მათი დამოკიდებულება არამარტო ოპოზიციური პარტიების მიმართ, არამედ ზოგადად საკრებულოს, როგორც ორგანოს და როგორც თვითმმართველობის ერთ-ერთი წამყვანი რგოლის მიმართ.”

ფრაქცია “გორი საქართველოსთვის”  სამომავლოდ თვითმმართველობის საკითხებში მოქალაქეების გააქტიურებას და ჩართვას გეგმავს. როგორც ფრაქციის წევრები ამბობენ, ამაზე აქტიურ მუშაობას აპირებენ.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.