ახალი ამბები

წლებია, “ხაშურსერვისი” საწვავს მოძველებული ოდომეტრის პირობებში ხარჯავს – აუდიტის დასკვნა

“ხაშურსერვისმა” 3 წელში 1 333 779 ლარის საწვავი შეიძინა, რომლის ხარჯვა მოძველებული ოდომეტრის პირობებში ხდებოდა – ამ ინფორმაციას ხაშურის მერიის აუდიტის დასკვნიდან ვიგებთ.

დოკუმენტის მიხედვით, “ხაშურსერვისი” ბოლო სამ წელში, საწვავის ხარჯვა სრული სიზუსტით ვერ ახორციელებდა.

“ორგანიზაცია ვერ უზრუნველყოფს საწვავის დარჩენილი რაოდენობის აღწერას, რადგან დაწესებულების მფლობელობაში არსებული ტექნიკის უმრავლესობა საკმაოდ მოძველებულია და არ გააჩნია გამართული ოდომეტრები”, – წერის აუდიტის დასკვნაში.

დოკუმენტის მიხედვით, ბოლო სამ წელში “ხაშურსერვისს” შეძენილი აქვს 413 646 ლიტრი დიზელი, 37 226 ლიტრი ბენზინი და 284 554 კბმ ბუნებრივი გაზი.

“ტექნიკას, რომელსაც არ გააჩნია გამართული ოდომეტრი, ჩატარებული აქვს საწვავის ფაქტიური ხარჯვის ქრონომეტრაჟი და ამ ქრონომეტრაჟის საფუძველზე ხდება საწვავის გაცემა/ჩამოწერა, თუმცა ქრონომეტრაჟით კონტროლი, არ იძლევა იმ გარანტიებს, რამდენად სწორად ხდება საწვავის ჩამოწერის პროცესი და განაშთულია თუ არა ის რაოდენობა, რომელიც ორგანიზაციამ გამოიყენა კონკრეტული სამუშაოს შესასრულებლად”, – ვკითხულობთ დასკვნაში.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი