ბლოგები

სწორად წერა და აზროვნება – როგორ განვავითაროთ ბავშვებში ეს უნარი?

ავტორი: ნანა ლომიძე, წამყვანი მასწავლებელი

ხშირად უწევთ მოსწავლეებს სხვადასხვა ტიპის ტექსტის წერა. შეიძლება წიგნიერმა მოსწავლემ არაჩვეულებრივად ჩამოაყალიბოს სათქმელი, დაასაბუთოს, მოიხმოს მაგალითები, მაგრამ ამ ყველაფრის გაგება გაჭირდეს მართლწერის წესების დარღვევის შემთხვევაში.

მართლმეტყველება და მართლწერა ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია.  არის ბევრი პრობლემური საკითხი, თუმცა, ამ შემთხვევაში შევეხები ერთს, კერძოდ, კომპოზიტების მართლწერას, რომელიც მთლიანად არ არის დამოკიდებული მართლმეტყველებაზე.

რაში გვეხმარება მართლწერა?

  • სწორად, გააზრებულად და გასაგებად წერაში;
  • აზრის სწორად გაგებაში.

ყველაზე მნიშვნელოვანი უნარი, რომელსაც ბავშვები სკოლაში იძენენ, კითხვისა და წერის უნარებია. მოსწავლე ჯერ სწავლობს კითხვას და მერე კითხულობს, ჯერ სწავლობს წერას და მერე წერს. იმისათვის, რომ ისწავლოს წერა-კითხვა, მნიშვნელოვანია წიგნიერების განვითარების ხელშეწყობა. წერა არ გულისხმობს მხოლოდ ასოების სწორად მოხაზვას. ამ სიტყვაში უამრავი მნიშვნელოვანი საკითხია თავმოყრილი.

წერითი უნარები, სხვა უნარებისაგან განსხვავებით, თავისთავად ვერ ვითარდება, მას განსაკუთრებული ხელშეწყობა სჭირდება. შევჩერდები კომპოზიტების სწორად წერაზე.

კომპოზიტების არასწორად წერის გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს:

  • წიგნიერების დაბალი დონე;
  • ხანმოკლე მეხსიერება;
  • არასათანადო ცოდნა;
  • თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოუყენებლობა.

ახლა განვიხილავ თითოეულს:

მოსწავლეს აქვს შინაგანი და გარეგანი მოტივაცია გარკვეული ქმედებისათვის. პატარა ასაკში განსაკუთრებით ჩართულია გარეგანი მოტივაცია. ამიტომ ხშირად მოსწავლეს სჭირდება მშობლისა და მასწავლებლის მითითება კლასგარეშე ლიტერატურის კითხვისას. მოსწავლე, რომელიც ბევრს კითხულობს, კითხვისას აკვირდება  ორთოგრაფიის წესებს,  შედეგად კი ვიღებთ იმას, რომ იყენებს წერისას.

21-ე საუკუნეში გაბატონდა კომპიუტერი, რამაც შეცვალა მოსწავლეთა დამოკიდებულება კითხვასა და ზოგადად, სწავლაზე. ბავშვებმა გაიმარტივეს კომუნიკაცია, მიწერ-მოწერა სოციალურ ქსელში კი ერთ-ერთი მიზეზია იმისა, რომ არ დაიცვან ორთოგრაფიის წესები. წერენ ლათინური შრიფტით, არ იყენებენ სასვენ ნიშნებს, არ იცავენ მართლწერის წესებს, უფრო მეტიც, შეიძლება რამდენიმე სიტყვა სულ გადაბმულად დაწერონ და ამაში სასირცხვილო არაფერია.

კვლევების მიხედვით, 21-ე საუკუნის მოსწავლეთა მეხსიერება საკმაოდ ხანმოკლეა, ერთი წლის წინ ნასწავლი მათთვის ძალიან უცხო ხდება, რაც, ალბათ, გამოწვეულია არაჯანსაღი კვებითა და გარემოთი. თუმცა არასაკმარისი ცოდნა არა მხოლოდ მეხსიერების, არამედ არასათანადო ცოდნის ბრალიცაა. მოსწავლეები ორიენტირებულნი არიან მხოლოდ დღევანდელ შეფასებაზე, ქულაზე, ისინი არ სწავლობენ საფუძვლიანად და შედეგიც აშკარაა. თუმცა მინდა აქვე ისიც აღვნიშნო, რომ ზოგმა იცის წესი, მაგრამ ვერ იყენებს წერისას, რაც გამოწვეულია იმით, რომ კომპიუტერულ პროგრამებში ცდილობენ დავალების შესრულებას და არ უკვირდებიან შეცდომებს.

როდიდან ან როგორ უნდა მიეჩვიოს მოზარდი შეცდომების გასწორებას და ორთოგრაფიული ნორმების დაცვას?

ეს ცოტა რთული დასადგენია, თუმცა შემიძლია ვურჩიო ყველას, რომ წერის სწავლებისთანავე დავაკვირვოთ ბავშვები შეცდომებს. მივუთითოთ სწორი ფორმები და ვთხოვოთ მათი დამახსოვრებაც. ბავშვობიდან ამის შთაგონება ყველაზე კარგი საშუალებაა იმისა, რომ შემდეგში მოზარდში სწორად წერის უნარი ჩამოყალიბდეს. ეს ყველაზე კარგი საჩუქარი იქნება მომავალი თაობისათვის.

როგორ ვცდილობ ჩემს მოსწავლეებში ამ უნარის განვითარებას?

ვკითხულობთ მხატვრულ ლიტერატურას ერთად, ვაკვირდებით შინაარსის გარდა მწერლის წერის სტილს, ლექსიკას, გრამატიკულ ფორმებს, ვმსჯელობთ თითოეულ მათგანზე,  ვიწერთ კომპოზიტებს და ვამზადებთ სხვადასხვა რესურსს, მათ შორის პოსტერებს.

საბოლოოდ შეიძლება ითქვას, რომ თუ მასწავლებელი და მოსწავლები ერთად, მიზნიდან გამომდინარე, ნაბიჯ-ნაბიჯ, სწორად შერჩეული აქტივობებით მუშაობენ, შედეგიც არ დააყოვნებს, უფრო მეტიც რამდენიმე  მიმართულებით ვავითარებთ მოზარდებს. ჩემი მუშაობიდან გამომდინარე, შემიძლია რეკომენდაციები შემდეგნაირად ჩამოყალიბება:

  • საჭიროა, მოსწავლეები  სისტემატურად ვამუშაოთ კომპოზიტების მართლწერაზე;
  • დაწყებით საფეხურზე  თავიდანვე სწორად უნდა ვასწავლოთ მოსწავლეებს, რომ შეცდომა ჩვევად არ ექცეთ;
  • საბაზო საფეხურზე  ხშირად უნდა დავუთმოთ დრო ისეთ სავარჯიშოებს, სადაც კომპოზიტებთან დაკავშირებული  დავალებები იქნება.
  • მოსწავლეებს შეფასების კრიტერიუმებზე დაყრდნობით მივცეთ განმავითარებელი უკუკავშირი წერითი დავალებების შესრულებისას;
  • დავალებების ერთ-ერთ ნაწილად ვაქციოთ მხატვრული ლიტერატურის წაკითხვა.
დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი