სტატიები

გორის მერმა რეორგანიზაცია დაასრულა – იგეგმება 13 ადამიანის გათავისუფლება

გორის მერიაში ვლადიმერ ხინჩეგაშვილის ინიციატივით დაწყებული რეორგანიზაცია დასრულდა.

“რეორგანიზაცია დასრულდა, თუმცა დამატებით კითხვებზე სჯობს წერილი მოიწეროთ და იურისტი გიპასუხებთ 3 დღეში”, – გვითხრა მერიის პრესსამსახურის თანამშრომელმა.

ჯერჯერობით უწყება ოფიციალურ ინფორმაციას არც იმ თანამშრომლების შესახებ ავრცელებს, რომელთა გათავისუფლებაც რეორგანიზაციის შედეგად გადაწყდა. ამ დრომდე, რეორგანიზაციის შედეგებზე ინფორმაცია მერიის ვებ.გვერდზე ატვირთული არაა.

“13 ადამიანის გათავისუფლებაზეა საუბარია. ამბობენ, რომ მათ ნაწილს დასაქმება ა(ა)იპ-ებში შესთავაზეს”, – უთხრეს “მოზაიკას” მერიაში.

რეორგანიზაციის პროცესს უნდობლობას უცხადებს ადგილობრივი ოპოზიცია. მათი აზრით, ვლადიმერ ხინჩეგაშვილს თანამშრომლების გათავისუფლება საკუთარი ახლობლების დასასაქმებლად სურს.

“ათავისუფლებენ იმ კადრებს, ვინც ,,ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლისთვის ჯერ კიდევ 2012 წლიდან იბრძოდა”, – ამბობენ ოპოზიციაში.

ენმ -ს წევრის, ანი ბალიაშვილის შეფასებით, პროცესი რეალურად “ოცნებაში” გავლენიან ჯგუფებს შორის თანამდებობების ხელახლა გადანაწილებაა.

“გორის მერის მიერ ინიციირებული და დაანონსებული რეორგანიზაციის პროცესი არის მხოლოდ და მხოლოდ თანამდებობების ხელახლა გადანაწილება. გავლენების ჯგუფებს შორის მიმდინარეობს დაპირისპირება, რომელშიც ,,ოცნების” ერთი ჯგუფი ჩაანაცვლებს მეორეს”, – ამბობს ანი ბალიაშვილი, ენმ-ს წევრი.

ოპოზიციაში ვარაუდობენ, რომ რეორგანიზაციის შედეგად გათავისუფლებული ადამიანები სასამართლო დავას დაიწყებენ.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.