სტატიები

აქტივისტების დასაქმებას არ მოვერიდებით – “ოცნების” პოზიცია ახალ ა(ა)იპ-ზე და ოპოზიციის კრიტიკა

“მუნიციპალური ინსპექციის შექმნა გორის მუნიციპალიტეტში წესრიგის დამყარებას ემსახურება”, – ამბობენ “ქართული ოცნების” ის წარმომადგენლები, რომლებმაც გორის მერს ახალი ა(ა)იპ-ის შექმნაზე თანხმობა მისცეს. 

საუბარია გორის მუნიციპალურ ინსპექციაზე, რომელიც მერიის მიერ დაფუძნებული მე-12 ა(ა)იპ იქნება. მისი შექმნის საჭიროება დღევანდელ საკრებულოს სხდომაზე მთავარი განხილვის საგანი იყო. 

“ახალი აიპ-ის შექმნა მხოლოდ იმიტომ არის საჭირო, რომ “ქართული ოცნების” წევრებმა საკუთარი აქტივისტები და ნათესავები დაასაქმონ და ეს იქნება ზუსტად ისეთივე სააგენტო, როგორიც არის ტურიზმის ა(ა)იპი, სადაც შტატები გაბერილია და ისეთი ადამიანებიც არიან დასაქმებული, ვისაც უმაღლესი განათლებაც კი არ აქვს”, – ამბობდა ბექა ქორჩილავა. 

პარტაქტივის დასაქმების მოსალოდნელი ფაქტი არ გამორიცხა საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძემ. 

“არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ აქტივისტიც ისეთივე ადამიანია, როგორებიც ჩვენ ვართ და თუ მისი აქტივიზმის მიღმა კიდევ არის ისეთი პროფესიული ძლიერი მხარეები, როგორსაც მუნიციპალური ინსპექცია მოითხოვს, აქტივისტთან თანამშრომლობას არ მოვერიდებით”, –  თქვა დავით რაზმაძემ.

ოპოზიციის კრიტიკის მიუხედავად, ხმათა უმრავლესობით ოპოზიციამ დაამტკიცა დადგენილება, რომლის მიხედვითაც, ახალ მუნიციპალურ (ა)იპ-ის ფუნქცია-მოვალეობები უკვე არსებული სამსახურებისგან დაუნაწილდება. 

“ა(ა)იპ-ი უფლება-მოვალეობებს უფრო მოქნილად, სწრაფად და ეფექტურად განახორციელებს, ხოლო გორის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უნებართვო საქმიანობის კონტროლის განყოფილება, იმ ფონზე, რომ მისი ფუნქციების ნაწილს ა(ა)იპ-ი განახორციელებს და მას უფრო ნაკლები საქმის შესრულება მოუწევს, გაცილებით სწრაფად და ეფექტურად შეასრულებს დარჩენილ უფლება-მოვალეობებს”, – ვკითხულობთ დადგენილებაში. 

დადგენილებაში გაკეთებული ჩანაწერის მიუხედავად, ოპოზიცია ამბობს, რომ ა(ა)იპ-ის შექმნის საჭიროება და მიზნები მათთვის გაუგებარია. 

“ჩვენ გვაქვს კითხვები, თუ რატომ იქნება ეს ა(ა)იპ-ი, კონკრეტულად რა იქნება ხარჯი და რა სარგებელს მივიღებთ მისგან. აქ უნდა მოსულიყო გორის მერი და უნდა ეპასუხა ყველა ამ კითხვისთვის”, – განაცხადა ენმ-ის წევრმა ანო ბალიაშვილმა. 

ჯერჯერობით უცნობია, რამდენი იქნება ახალი ა(ა)იპ-ის წლიური დაფინანსება. 

დატოვეთ კომენტარი