ახალი ამბები

ნადარბაზევის წყალსაცავის სისტემის პირველი ეტაპი დასრულდა 

ნადარბაზევის წყალსაცავიდან მკვებავი სარწყავი სისტემის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი დასრულდა, – ამის შესახებ ინფორმაციას  გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ამ ეტაპზე, რეგიონში, 6,3 მლნ ლარის ღირებულების 6 პროექტი მიმდინარეობს, რომელთა დასრულების შემდეგ, რეგულარულად, დამატებით, 2 740 ჰექტარი სავარგული მოირწყვება.

“განხორციელებული პროექტის ფარგლებში, ჯამში, 14 კილომეტრი სიგრძის წყალგამანაწილებელი არხები მოწესრიგდა; მოეწყო რკინაბეტონის ღარები და სხვადასხვა ჰიდროტექნიკური ნაგებობა. პროექტის ღირებულება 2,7 მლნ ლარია. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე სარწყავი სისტემა 30 წელი არ ფუნქციონირებდა”, – ნათქვამია ინფორმაციაში. 

სამინისტროს ინფორმაციით, ნადარბაზევის წყალსაცავიდან მკვებავი სარწყავი სისტემის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი უკვე დაწყებულია. აღდგენითი სამუშაოები უტარდება წყალგამანაწილებელი არხის 6,5 კმ სიგრძის მონაკვეთს. სამუშაოების შედეგად, მუნიციპალიტეტში დამატებით 600 ჰექტრამდე სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი მოირწყვება.

დატოვეთ კომენტარი