სტატიები

ქორდში სამსაუკუნოვანი ციხე ინგრევა – მოსახლეობა კოშკის აღდგენას ითხოვს

ავტორი: სოფო ასკილაშვილი

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქორდში სამ საუკუნოვანი ციხე-კოშკი, რომელსაც ადგილობრივები მახათაანთ ციხის სახელით იხსენიებენ, დანგრევის პირასაა.

ორსართულიანი ქორდის ციხე, ლიახვის მარჯვენა სანაპიოზე დგას და XVIII საუკუნის შუა ხანებით თარიღდება. კოშკი ცილინდრულია, აშენებულია რიყის ქვით და აგურით. ადგილობრივების ინფორმაციით, ციხეს ბრძოლების დროს იყენებდნენ.

ადგილობრივების თქმით, ისტორიული ციხის კედლები იშლება და შიგნიდან გაბალახებულია.

“ციხე რესტავრაციას საჭიროებს, მაგრამ მოსმენით თავს არ იწუხებენ. ეს ჩვენი სოფლის კულტურული ძეგლია, რაც სოფელს წარმოაჩენს და თუ ეს თითო ოროლა შენობა არ შეინარჩუნეს, მაშ რა სოფლის მოყვარულები ყოფილან?! ძალიან გამიხარდება, თუ ციხეს რესტარვაცია გაუკეთდება, შიგნიდან და გარედან ბალახი არ გადაუვლის და ცხოველების ბუნაგი არ იქნება”, – ამბობს ქეთევან ბადაშვილი.

ადგილობრივები ფიქრობენ, რომ თუ ციხეს რესტავრაცია ჩაუტარდება, შესაძლებელია საგამოფენო სივრცეების მოწყობაც და კულტურული ღონისძიებების დაგეგმვაც, რაც ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს.

“ციხეს აუცილებლად სჭირდება რესტარვაცია. ეს ჩვენის სოფლის მრავალსაუკუნოვანი, კულტურული ძეგლია, ამას რომ არ მიხედონ, აქედან მხოლოდ ნამგრევებიღა დაგვრჩება. ხელი უნდა შეავლონ, გაამაგრონ. შემდეგში შესაძლებელია კულტურული ღინისძიებები დაიგეგმოს, მუზეუმი მოეწყოს, დამთვალიერებელი გაჩნდეს. ახლის აშენებას ხომ არ ვითხოვთ, ჩვენი სოფლის ისტორიის გადარჩენა და მოვლა-პატრონობა გვინდა”, – ამბობს მანანა ტერაშვილი

ერთ-ერთი ადგილობრივი თამაზ ასკილაშვილი გვიყვება, რომ საუკუნეების წინ ამ ციხეს საბრძოლო დანიშნულება ჰქონია. ციხე ორ სართულიანია, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ დანგრეულია პირვანდელი სახე შენარჩუნებული არ აქვს.

“სავარაუდოა, რომ ადრე ციხეს საბრძოლო ბანიც ჰქონდა, შესასვლელი ჩრდილოეთით, მეორე სართულზე აქვს. კარის მარცხნივ, კედელში ორი კიბე იყო: ერთი პირველ სართულზე ჩადიოდა, მეორე კი ბანზე ადიოდა. ამჟამად, ციხე დანგრეულია და მხოლოდ წარმოდგენა შეგვიძლია, თუ როგორი იყო თავდაპირველად. ამჟამად შენობის შიგნით შესვლა შეუძლებეია, რადგან გაბალახებულია და მოუწესრიგებელია”, – გვიყვება თამაზ ასკილაშვილი.

შენობა მახათაძეების ნაკვეთზე დგას, სახელწოდება “მახათაანთ” ციხეც სწორედ ამის გამო ეწოდა.


მასალა მომზადებულია პროექტის “სამოქალაქო ჟურნალისტიკა ქალების გაძლიერებისთვის” ფარგლებში. “მოზაიკა” პროექტს ორგანიზაციის “სამოქალაქო უფლებების დამცველები” ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.
დატოვეთ კომენტარი
ტეგები