სტატიები

სასმელი წყლის პრობლემა სოფელ ვაკეში – რა გეგმავს ხელისუფლება

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაკეში დაბინძურებული სასმელი წყალი მოდის, ადგილობრივების ინფორმაციით, სასმელი წყლის პრობლემა წლებია აწუხებთ, განსაკუთრებით კი ზაფხულის პერიოდში. ადგილობრივი ხელისუფლება პრობლემის მოგვარებას სათავე ნაგებობისა და მაგისტრალის მოწყობით გეგმავს, რისთვისაც 47 273 ლარი აქვს გათვალისწინებული.

“48 წელი ამ სოფელში ვცხოვრობ და სულ წყლის პრობლემა გვაქვს ზამთარში თუ ზაფხულში. ამ სიცხეში არც დასალევი წყალი გვაქვს და სარწყავზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია”, – ამბობს ნანული მელაძე.

ერთ-ერთმა ადგილობრივმა ინფორმაცია სოციალურ ქსელშიც გამოაქვეყნა და დაბინძურებული წყლის ფოტოც დაურთო. მისი თქმით, ორი დღის განმავლობაში სოფელში მწვანე ფერის წყალი მოდიოდა, რომელსაც დასალევად ვერ იყენებდნენ.

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაკეში “მწვანე” წყალი მოდის

სოფელი ვაკე საოკუპაციო ხაზთან ახლოს მდებარეობს და ქვემო ჭალის ადმინისტრაციულ ერთეულში შედის. მერის წარმომადგენლის თქმით, სოფლის მოსახლოებას სასმელი წყლის პრობლემა დაახლოებით ერთ თვეში მოუგვარდება, სამუშაოებისთვის კი ტენდერია გამოცხადებული.

“მე საქმის კურსში ვარ, ვიცით რა მდგომარეობაცაა სოფელში, ახლა ვაკეთებთ პროექტს. ძალიან ცოტა მოედინება, არიან ადამიანები, რომლებიც თვითნებურად აცლიან გადაბმულ მილს და ავსებენ ასე, რადგან არ ყოფნით, ზაფხულია”, – ამბობს სტეფანე მესროფაშვილი.

რა სამუშაოები ჩატარდება სოფელ ვაკეში სასმელი წყლის მიწოდების გასაუმჯობესებლად ?

კასპის მუნიციპალიტეტის მერიამ სოფელ ვაკეში სასმელი წყლის სათავე ნაგებობის და მაგისტრალის მოწყობის სამუშაოების შესასყიდად ტენდერი გამოაცხადა.

პროექტის მიხედვით დაგეგმილია:

  • გრუნტის დამუშავება – გასწორება ბულდოზერით, მე-4 კატეგორიის გრუნტის დამუშავება დრენაჟის მოსაწყობად;
  • 225 მმ-იანი pn-25 სადრენაჟე პერფორირებული პოლიეთილენის მილის მონტაჟი ჰორიზონტალური წყალშემკრებისთვის;
  • შემკრები 2000 მმ შიგა დიამეტრის ჭის მოწყობა;
  • შემკრებ ჭაში არსებული ქსელის მიერთება;
  • სასმელი წყლის მაგისტრალური ქსელის მოწყობა ლითონისა და პოლიეთილენის მილებით.

სატენდერო პირობების მიხედვით, შერჩეულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 50 დღეში უნდა დაასრულოს.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.