ბლოგები

გორის ბაზრისკენ – გიორგი სუხიტაშვილის ბლოგი 

ავტორი: გიორგი სუხიტაშვილი (სუხიტა)

დილას უცებ ამომიტივტივდა ეს მოგონება, იმდენად მკაფიოდ და რეალურად, რომ გული სასიამოვნოდ ამიჩქარდა. ასე, უცებ დავწერე, რომ არ დამვიწყებოდა.

გორის ბაზრისკენ

– გიოოო, ბაბოოო, ადე მოვა უკვე გიაი.

“გიოზე” უკვე ფეხზე ვიდექი, მაგრამ ისე ბნელოდა ვერეფერს ვხედავდი. ის, ზუსტად მახსოვს, ხმა საიდანაც მესმოდა.

– ავდექი უკვე, ბაბო.

– გენაცვალოს ბაბომა.

ბაბოს ფეხის ხმა კარისკენ წავიდა, გამოაღო ჩვენი ღნავილა კარი და ხმაურიანად დახურა.

მე ერთი ხელის მოძრაობით, მოწესრიგებულად დადებული ასანთი ავიღე და სანთელს მოვუკიდე.

განათდა ოთახის პატარა ნაწილი და გამოჩნდა ჟურნალიდან ამოჭრილი, იმ დროინდელი პოპ-ვარკვლავების ბედნიერ სახეები, რომლების უმეტესობა არც კი მომწონდა, მაგრამ კედელს ამშვენებდნენ და აჭრელებდნენ. უცებ გამეფიქრა: ნეტავ, ესენიც თავიანთ სახლებში ასე ცხოვრობენ და ასე იღვიძებენ -მეთქი? 

ამ დროს კარგად ჯანიანად გამაკანკალა. აი, ისე რომ ხმაც კი ამოვუშვი, თითქოს ძაღლი იღრინებაო. სულ დამავიწყდა “ბექსთრით ბოიზი” და “სფაის გერლზი”. ჩქარა ამოვიცვი წინდები, ერთი შარვალი, მერე მეორე. პირველი შარვალი წინდებში საგულდაგულოდ ჩავკეცე, მეორე ზემოდან გადმოვიტანე. დავხედე, სანთლის შუქი, მხოლოდ ერთ ფეხს ხვდებოდა. ე.ი. მეორეც ასე იქნება – მეთქი, თავი დავიმშვიდე. ტანზეც ორი ან სამი რაღაც ჩავიცვი, აქედან – ერთი ჩემი ძმის დალაქავებული, ცოტა დიდი, მაგრამ თბილი “ჰუდი” იყო, ზედ ბევრი უსწორმასწორო ლათინური წარწერებით. ცოტა ჩავთბი. გარეთ გამოვედი ყინვაა, ჩვენი ძაღლის ზმუკუნი და მხიარული პირის წკლაპუნი მესმის. სავარაუდოდ, კუდს იქნევს და თან კანკალებს. ოთახის კართან ფეხსაცმელი მოვნახე და არ დევს, ძაღლი გადაჩვეული იყო მაგ საქმიანობას, იმის მერე რაც პაპამ ცალად დარჩენილი ჩექმით დათეთქვა.

-ბაბო! ჩემი თბილი…

-აქ არის, გითბობ ბაბო!

წინდებით გავიქეცი პაპას და ბაბოს ოთახში. პაპა წამოწოლილია ჩაცმულ-დახურული და რაღაცა წიგნს ფურცლავს, თან თავთან ლამფა უნთია. ბაბომ ღუმელს შეუკეთა, მიაჭყრიალა ღუმელის კარი და ჩაიდანი აიღო. მაგიდაზე 5-6 მოხარშული კვერცხი დევს ჯამში, ყველი, სოფლის კარაქი, პური, წინა დღეს ღუმელის ფურნეში შემწვარი კარტოფილი და ჩაის ჭიქები. მე, მხოლოდ ჩაი მინდოდა, მაგრამ გაძალიანების შესაძლებლობას რომ გადავხედე, პირდაპირ კვერცხი გავტეხე დემონსტრაციულად და პური მოვიტეხე.

10 წუთში “ტრანგალეტკის’ პრუწუნი გაისმა შორიდან, ვიდრე ვთქვი, მგონი მოდის -მეთქი,  პაპას უკვე ჩექმებში ჰქონდა ფეხი ჩაყოფილი. ხმა მოახლოვდა და ჩვენი სახლის კართან თვინიერად აღრუტუნდა, თითქო, ტრანგალეტკა პატრონს ეუბნება, ხომ დამჯერი ვარო. ბაბომ ჩემი ფეხსაცმელი დამიწყო ფეხებთან, ქურთუკი და კაშნი მომაწოდა და თვითონაც მოიცვა.

პაპას და გიას უკვე დაეწყოთ საბარგულზე 4 სათლი კომში და 4 სათლი ვაშლი. ბაბომ სკამი გამოიტანა, დაიდო ფეხთან, ორივე ხელი კუსტარულად გადახურულ საბარგულს მოჰკიდა და როგორც იქნა პაპას და გიას დახმარებით ავიდა საბარგულში. პაპამ სკამი მოაწოდა და მეც ავხტი რწყილივით. მივდივართ გორის ბაზრისკენ, მიგვაქვს გასაყიდი ხილი.  მცივა, მაგრამ მიხარია. ვიცი, რომ კომშის ფულიდან წილი მერგება. უკვე ვიცი, რაში დავხარჯავ. უხ, რა კარგი დღეა!  ბაბოს თავისი ანგარიში აქვს.  იმ დღეს, ცუდი ბაზარი იყო, მაგრამ ჩვენ მაინც კარგად ვივაჭრეთ. მე ვიყავი მომლაპარაკებელი და ძალიან კარგად ჭრიდა გორის ბაზარში ჩამოსულ მოვაჭრეებზე.

საღამოს უკვე ახალი ფეხსაცმელი და ყურთსასმენებიანი რადიო მქონდა, ბევრი ელემენტით.

მენატრება ჩემი ბავშვობა, ჩემი პაპა და ბაბო.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები