სტატიები

ქარელის მერია 200 ათასი ლარის ღირებულების სამუშაოებს უტენდეროდ ყიდულობს 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდის მიხედვით, ქარელის მერიამ ყველაზე მეტი – 6 გამარტივებული შესყიდვა 7 ივლისს განახორციელა. აქედან 9 შესყიდვა 5 000 ლარზე მეტი ღირებულების სამუშაოებია.

უწყებამ სხვადასხვა სახის სამუშაოების გამარტივებული წესით შესასყიდად ერთ თვეში 251 680 ლარი დახარჯა.

შესყიდული სამუშაოების ჩამონათვალი ასე გამოიყურება:

  • 40 000 ლარი სანიაღვრე არხების მოსაწყობად მოხისსა და კეხიჯვარში;
  • 12 000 ლარი შაქშაქეთში წყაროს კეთილმოწყობისთვის;
  • 36 000 ლარი სანიაღვრე არხების მოსაწყობად ბრეთსა და წვერში;
  • 40 000 ლარი სანიაღვრე არსების მოსაწყობად ურბნისსა და ჭვრინისში;
  • 36 000 ლარი სანიაღვრე არსების მოსაწყობად თამარაშენსა და ფცაში;
  • 20 000 ლარი გარე განათების მოსაწყობად ელბაქიანთკარსა და ორთუბანში;
  • 7680 ლარი საწვავის შესასყიდად;
  • 30 000 ლარი სკვერის კეთილმოწყობისთვისა და სასაფლაოს შემოღობისთვის დვანში, ასევე იმერხევში ხიდის რეაბილიტაციისთვის;
  • 30 000 ლარი გარე განათების მოსაწყობად რუისში.

ქარელის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტები სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში ხორციელდება და ამ შემთხვევაში გამარტივებული გზით შესყიდვას კანონი არ უკრძალავთ.

” ეს სოფლის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტებია, რომლის შესახებაც არსებობს მთავრობის განკარგულება, რომლის მიხედვითაც უფლება გვაქვს გამარტივებული გზით შევისყიდოთ სამუშაოები. ჩვენ ამ განკარგულების მიხედვით ვიხელმძღვანელეთ. სწორადაა ყველაფერი გაკეთებული”, – გვითხრა ნელი ლომიტაშვილმა, ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელმა. 

შენიშვნა: ერთ თვეში, გამარტივებული შესყიდვებში დახარჯულ 251 680 ლარში არ შედის 5 000 ლარზე ნაკლები ღირებულების სამუშაოების შესყიდვა.

რაც შეეხება კანონმდებლობას, 2017 წლამდე სოფლის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების სამუშაოების შესყიდვა აუცილებლად ტენდერის გზით უნდა განხორციელებულიყო, თუმცა 2019 წელს საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ყველა შესყიდვა გამარტივებული შესყიდვის გზით ხდება. 

ინფორმაციისთვის, აღნიშნულ პრაქტიკაზე ორგანიზაციამ “საერთაშორისო გამჭვირავალობა” 2 წლის წინ გამოაქვეყნა მასალა, სადაც აღნიშნულია, რომ გამარტივებული შესყიდვის ასეთი მასშტაბით გამოყენება მუნიციპალურ დონეზე ამცირებს გამჭვირვალობას და კონკურენციას, შესაბამისად, ზრდის კორუფციის რისკებს.

დატოვეთ კომენტარი