ხაშურში მოსახლეობა ქალაქში არსებული გზების მოწესრიგებას ითხოვს. ადგილობრივები ამბობენ, რომ ზოგიერთ ქუჩაზე გზა იმდენად დაზიანებულია, რომ ხშირ შემთხვევაში სასწრაფო დახმარებაც კი არ მიდის.
“სასწრაფოს რომ ვიძახებთ, ვერ მოდის, გზა არის კარგიო გვეუბნებიან”, – ამბობენ ხაშურში, აგარის ქუჩის მაცხოვრებლები.
ადგილობრივების თქმით, გზების მოწესრიგებას ადგილობრივი ხელისუფლება რამდენჯერმე დაპირდა, თუმცა უკვე წლებია პრობლემა გადაუჭრელია.
“რამდენიმე წლის წინ დაგვპირდნენ, დაგიგებთ გზებსო, ხელიც მოგვაწერინეს, მაგრამ რა იქნება, არ ვიცი”, – ამბობს ნინო კუჭმიანი.
“საშინელი მტვერია, მანქანები დადიან, ტალახია მერე. ქალაქის ცენტრში ასფალტია, აქ კიდევ ხან ვერც სასწრაფო მოდის და ვერც სახანძრო. ისეთი მტვერი დგება, სახლები ივსება, სუნთქვა ჭირს”, – ამბობს იოსებ ლომიძე.
რატომ ვერ იწყება გზების მოწესრიგება ხაშურში – მერიის განმარტება
გზის მოწესრიგებას ითხოვენ შინდარას დასახლებაშიც, სადაც ადგილობრივები ამბობენ, რომ წვიმის დროს გზები იტბორება და გადაადგილება შეუძლებელია.
“პუშკინის და ოსტროვსკის ქუჩებზე წვიმის შემდეგ ისეთი ამბავია, შეუძლებელია ფეხით გადაადგილდე”,– ამბობს ნინო ტალახაძე.
ხაშურის მერიაში ამბობენ, რომ გზების მოწესრიგება წყლის სისტემის რეაბილიტაციის შემდეგ დაიწყება. უწყების ცნობით, სამუშაოების დაწყება დამოკიდებულია გაერთიანებული წყალმომარაგების პროექტზე, რომელიც გეგმის მიხედვით, შემოდგომით უნდა დაიწყოს.
ხაშურში გზების დაგება წყლისა და კანალიზაციის სისტემების მოწყობის შემდეგ დაიწყება
“ხაშურში გზების რეაბილიტაცია დაიწყება მას შემდეგ, რაც განხორციელდება წყლისა და კანალიზაციის სისტემის მოწესრიგების პროექტი, რომელიც, როგორც გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიიდან შეგვატყობინეს, უკვე შემოდგომით უნდა დაიწყოს”, – განმარტავენ ხაშურის მერიაში.
ინფორმაციისთვის, ხაშურში გზისა და წყლის პრობლემის მოგვარებას დიდი ხანია ითხოვენ. ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას პირდება, რომ წლის ბოლომდე ეტაპობრივად მოწესრიგდება საგზაო ინფრასტრუქტურა და სასმელი წყლის სისტემა.