სტატიები

არასაკმარისი ურნები, ანტისანიტარია – მოსახლეობა ქარელში დასუფთავების სამსახურით უკმაყოფილოა

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსახლეობა დასუფთავების პრობლემაზე საუბრობს. ადგილობრივების თქმით, ურნები არასაკმარისია და დასუფთავების სამსახური დროულად არ ცლის.

“ურნები მალე ივსება, კვირაში ერთხელ მოდიან დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები, შაბათ-კვირას საერთოდ არ დადიან. ურნებს თავსახურებიც მოხსნეს დასუფთავების ხალხმა. სიცხეში ნაგავს სუნი ასდის. ზოგადად ყველა ქუჩაზე ასეთი მდგომარეობაა”, -ამბობს აგარაში, რუსთაველის ქუჩაზე მცხოვრები დალი მულაძე.

დასუფთავების სამსახურის მუშაობას აკრიტიკებს ადგილობრივი ოპოზიციაც, საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატის თამარ დიასამიძის თქმით, სოფლებში ურნები კვირაში ერთხელ იცლება, რაც საკმარისი არ არის.

“მანქანები უფუჭდებათ წარამარა, ნაწილს ვერ ვშოულობთო, რა ნაწილია ეგეთი, რომ საქართველოში არ იშოვება. ერთხელ პოსტი დავწერე მოხისში გადავსებულ ურნებთან დაკავშირებით და მალევე ამოვიდნენ და დაცალეს., მაგრამ ახლაც იგივე მდგომარეობაა, კვირაში ერთხელ კი დადის ხოლმე დასუფთავების მანქანა, მაგრამ იყო შემთხვევა, რომ ორი კვირა არ მოსულან, მანქანა იყო გაფუჭებულიო”, – ამბობს თამარ დიასამიძე.

ქარელის კეთილმოწყობის ცენტრის დირექტორის, ზვიად იმერლიშვილის თქმით, სოფლებს რამდენიმე მანქანა ემსახურება, თუმცა მათი ნაწილი შეკეთებას საჭიროებს. 

“სოფლებში კვირაში ერთი დღე გვაქვს, არის ხოლმე შემთხვევები, რომ მალე ივსება. დამატებით დღესაც ვამატებთ ხოლმე, სიტუაციიდან გამომდინარე, თუ სადმე საგანგაშოდ ბევრი ნაგავია დაგროვილი. ამ ეტაპზე ორი მანქანა გვყავს სარემონტოდ, თუმცა შეძლებისდაგვარად გადიან სოფლებში. ჩვენთვისაც ძნელია, ყველა სოფელში მისვლა, სანამ ურნები გადაივსება”, – გვითხრა ზვიად იმერლიშვილმა. 

ქარელის დასუფთავების სამსახურში ამბობენ, რომ სამომავლოდ ურნების დამატებაზეც ფიქრობენ. 

დატოვეთ კომენტარი
ტეგები